ახალი ამბები

ორჰან ფამუქი ამბობს, რომ თურქეთში “ტერორის რეჟიმი” მყარდება

12 სექტემბერი, 2016 • 1275
ორჰან ფამუქი ამბობს, რომ თურქეთში “ტერორის რეჟიმი” მყარდება

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ორჰან ფამუქი ამბობს, რომ თურქეთში “ტერორის რეჟიმი” მყარდება. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფამუქმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-ში დაწერა და  ცნობილი ჟურნალისტის, აჰმეტ ალთანისა და მისი ძმის, მეჰმეთის (ასევე ცნობილი ეკონომისტი თურქეთში) დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების ოდნავ კრიტიკის გამოც  კი ადამიანებს უკვე გისოსებს მიღმა სვამენ.

“აზრის თავისუფლება აღარ არსებობს. ჩვენ ვდისტანცირდებით კანონის უზენაესობისაგან და ვუახლოვდებით ტერორის რეჟიმს”, – თქვა ფამუქმა.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წარუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 271 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა ათიათასობით საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ხელისუფლებამ 45 გაზეთი, 16 ტელევიზია, 23 რადიო, 15 ჟურნალი, 29 საგამომცემლო სახლი და სამი საინფორმაციო სააგენტო დახურა. ინფორმაციას ამის თაობაზე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს.

დახურულ მედიასაშუალებებს შორისაა გაზეთი “ზამანი”, რომელიც ჰოლდინგში “ფეზა” შედის, ხოლო ეს ჰოლდინგი დაკავშირებულია ფეტულა გულენის მოძრაობასთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ასახელებს აჯანყების იდეოლოგად.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი