ახალი ამბები

ივანიშვილი დემურ სტურუას საქმის გამოძიებაზე: პოლიცია თანმიმდევრული იყო

12 სექტემბერი, 2016 • 1358
ივანიშვილი დემურ სტურუას საქმის გამოძიებაზე: პოლიცია თანმიმდევრული იყო

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები დემურ სტურუას საქმის გამოძიებისას თანმიმდევრულები იყვნენ. მისი თქმით, გამოძიება გაგრძელდება და პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომლის შესაძლო ძალადობის გამოც 22 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა, შესატყვისს მიიღებს.

დემურ სტურუას საქმეზე და პოლიციის რეფორმაზე საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა დღეს, ქუთაისში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

“პირველ რიგში, ვისარგებლებდი შემთხვევით და სამძიმარს გამოვუცხადებ ოჯახს. რა თქმა უნდა, ტრაგიკული შემთხვევაა. რაც შეეხება კითხვას, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ [ბრალდებებს] მთლად ვერ გავიზიარებ. მე მგონი, რომ თანმიმდევრულები იყვნენ. პოლიციამაც არ შეიძლება, ვთქვათ, თანამშრომელი ჭორებისა და პირველსავე [მიღებულ ინფორმაციაზე] დააპატიმროს. საუბედუროდ, სანამ თანმიმდევრულად ვითარდებოდა პროცედურა [სამძებრო–საგამოძიებო მოქმედებები], დამნაშავემ მოასწრო მიმალვა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს,” – ამბობს ივანიშვილი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიციის რეფორმები ახალი ხელისუფლების პირობებში კარგი იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს:

“ზოგადი დამოკიდებულება თუ გაშფოთებთ პოლიციის, რა თქმა უნდა, გასაღები აქ არის ის, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. საკმარისი არ იყო, რაც მოხდა, მაგრამ კარგი იყო, რაც გაკეთდა; საზოგადოების ინტერესი და თვალთვალი უნდა გაღრმავდეს, მედიის თვალთვალი უნდა გაღრმავდეს ამ მხრივ, რომ მეტი მოვითხოვოთ. ზოგადად, მე პირადად, თუ გჯერათ, რაც მოხდა და როგორ გარდაიქმნა პოლიცია, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობდა, რაც იყო 4 წლის წინ, შეიძლება თქვათ, რომ დიამეტრალური ცვლილებები მოხდა. ეს პოლიცია ხალხის სამსახურშია და მადლობა უნდა გადავუხადოთ. დღევანდელი პოლიციაც, ჩვენი პოლიცია სახალხო პოლიციაა. შეიძლება გადაცდომებს უშვებს, მაგრამ ნუ გავავრცელებთ ისე, რომ მთელი ქვეყანა დავთრგუნოთ. დამოკიდებულებას გეტყვით, რომ მინისტრიცა და მთავრობაც მოწოდებულია იმისთვის, რომ პოლიცია იყოს ხალხის სამსახურში – შიგნით ეს ძალიან კარგად ჩანს, მაგრამ მე მაინც შეგახსენებთ კვლევებს, პოლიციის მხრივ სიტუაცია ხომ არ გაუარესდა.”

ბიძინა ივანიშვილი ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდს აფასებს და აცხადებს, რომ მაშინ საქართველო მსოფლიოს 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში შედიოდა, ხოლო დღეს ყველაზე უსაფრთხო 20 ქვეყანას შორის მე–17 ადგილს იკავებს.

“საქართველო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს შედიოდა 70 ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოებში. ამ კვლევას აკეთებს მსოფლიო ბანკი. ეს კვლევა თან მაქვს წამოღებული და შეგვიძლია ვნახოთ. დღეს საქართველო არის მე–17 ადგილზე მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებში – ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში, ორგანიზებულ და მაფიოზურ დანაშაულს რაც შეეხება. მთელი მაშინდელი მთავრობა, მოგეხსენებათ, რაც იყო და შესატყვისი ადგილიც ჰქონდათ რეიტინგებში. დღეს საქართველოს აქვს ძალიან საამაყო ადგილი – ორგანიზებულ და მაფიოზურ დანაშაულთან მიმართებაში მსოფლიოს 20 ყველაზე დაცულ და თავისუფალ სახელმწიფოს შორის. საქართველო ამ მხრივ უსწრებს ძალიან დიდ და წარმატებულ ქვეყნებს,” – აცხადებს ივანიშვილი.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, თავი პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო მოიკლა. 27 აგვისტოს პროკურატურამ სასამართლოდან გოდერძი თევზაძეს დაკავების განჩინება აიღო და მას ბრალიც წაუყენა, თუმცა თევზაძე ამ დრომდე [8 სექტემბერი] მიმალვაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

სტურუას თვითმკვლელობაზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი