“უბლოკო სტატუსი ცოტა ბლეფია”, – ეს განცხადება ექსპრემიერმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ჯი-დი-ესის გადაცემაში. მან ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანების შანსებს “დაბალი” უწოდა.
“ჩვენ არჩეული გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, რაზეც არა მარტო ქართული ოცნება, არამედ მთელი საზოგადოებაა შეთანხმებული. ჩვენი მიმართულება გახლავთ ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე. უსაფრთხოების მხრივ დღეს საქართველოს [ნატოს გარდა] არ ჰყავს ცვლა და კონკურენტი. მე არ მგონია, რომ ქალბატონ ნინოს დიდი შანსები აქვს. რუსეთთან რომ ურთიერთბა გვინდა, ამას ჩვენც ვამბობთ და დღესაც შემიძლია განვაცხადო, რომ უნდა დავალაგოთ, მაგრამ არა დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე, რაც შეიძლება წყალგამყოფი გახდეს. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მართლაც მშვიდობიანად ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობა. ამაში ნინო ბურჯანაძე გამორჩეული ვერ არის. ბურჯანაძის პარლამენტში შესვლის შანსები, ჩემი აზრით, დაბალია”, – თქვა ივანიშვილმა.