პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ ქალაქ თბილისის მერიასთან სპეციალური განცხადება გააკეთა:
“ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს აღმაშენებლის გამზირზე და მარჯანიშვილის მოედანზე. ძალიან უხარისხოდაა გარემონტებული შენობები და მათი უმეტესობა უკვე ძალიან სერიოზულადაა დაზიანებული. ასევე, მოვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება პუშკინისა და ვერცხლის ქუჩებზე, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასეთივე რეაბილიტაცია მიდის”, – განაცხადა აბაშიძემ.
კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა ლიდერმა თბილისის მერიაში ოფიციალური წერილიც დატოვა, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაციებზე დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს:
“ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესები იყოს ღია. გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საერთოდ ვითხოვთ გამჭვირვალეობას, რომ ვამხილოთ ხელისუფლება, რომ უხარისხოდ გააკეთა ის, რაც გააკეთა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.