ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ბაქოში სანქცირებული აქცია გაიმართა

11 სექტემბერი, 2016 • 1761
საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ბაქოში სანქცირებული აქცია გაიმართა

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად რეფერენდუმის წინააღმდეგ, დღეს, 2016 წლის 11 სექტემბერს, ბაქოში, მერიის მიერ სანქცირებული სამსაათიანი აქცია გაიმართა.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების 2500-მდე წარმომადგენელმა მიიღო. თუმცა გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ აქციაში დაახლოებით 13-14 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

“აქციის მონაწილეები დროდადრო სკანდირებდნენ ლოზუნგებს: თავისუფლება! გადადექი! არა მონარქიას! მინიტინგი რეზოლუციის მიღებით დასრულდა. აღნიშნული რეზოლუცია ითვალისწინებს ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებს, მათ შორის თავისუფალ სასამართლო სისტემასა და საკანონმდებლო ხელისუფლების უზრუნველყოფას, გარდა ამისა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის რადიკალურ რეფორმებს, ხელფასების ზრდას”, – წერს გამოცემა.

აქციას ესწრებოდნენ ასევე უფლებადამცველები, ჟურნალისტები, მათ შორის სხვადასხვა ბრალდებით დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებულები, მათი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.

14317563_10205824224325024_3477132334071845753_n

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას დედა, ელმირა ისმაილოვა დღევანდელ აქციაზე ბაქოში; 2016

აზერბაიჯანის შს უწყების ცნობითვე, აქციაზე სამართალდარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

შემდეგი მიტინგი 2016 წლის 17 სექტემბერს გაიმართება.

დღევანდელ აქციამდე აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ევროპის საბჭოს მოუწოდეს, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტს სამართლებრივი შეფასება მისცეს. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები კონსტიტუციაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინსტიტუტის დომინირებასა და ადამიანის უფლებების დარღვევას გამოიწვევს.

“ამ ცვლილებების მიღება კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში დემოკრატიის ნაკლებობას, დაარღვევს ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დომონირებას გამოიწვევს. ვენეციის კომისის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება”.

2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ერთ-ერთი ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის 5-დან 7 წლამდე ვადით არჩევას ითვალისწინებს. ცვლილებების შეტანის ინიციატორი თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას აქ იხილავთ.

აქცია ბაქოში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ; ფოტო apa.az. 2016

აქცია ბაქოში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ; ფოტო apa.az. 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი