ორგანიზაცია “იდენტობის” გამგეობის თავმჯდომარე  ელინა გლახაშვილი განცხადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, რათა დაიწყოს გამოძიება დღეს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული მსვლელობის მონაწილეების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე.

“მშვიდობიანი მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ, მართმლმადიდებელ მშობელთა კავშირის მხრიდან მშვიდობიანი მსვლელობის დარბევას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გლახაშვილი განცხადებაში მიუთითებს, რომ აქციის დარბევის დროს გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს “იდენტობის” თანამშრომლები: ლევან ბერიანიძე, გვანცა ძერყორაშვილი  და მაგდა კალანდაძე, ასევე, ორგანიზაციის წევრი გურამ დემეტრაშვილი.

“მაგდა კალანდაძე, გვანცა ძერყორაშვილი და გურამ დემეტრაშვილი  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი საათის განმავლობაში ატარეს მანქანით და  ჩამოსვეს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება ლევან ბერიანიძეს, იგი გადაყვანილი იყო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააყოვნეს ერთი საათის განმავლობაში და გამოუშვეს. ლევან ბერიანიძეს ვიზუალურად ხელზე ეტყობა დაზიანება, რომელიც მიაყენეს მშვიდობიანი მსვლელობის დროს. გურამ დემეტრაშვილი დაახლოებით 3 საათზე და 30 წუთზე გახდა ცუდად და გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ურჩია თავის ტომოგრაფიის გადაღება, ვინაიდან არის ტვინის შერყევის ეჭვი. ყველა ზემოაღნიშნულ პიროვნებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა ზურაბ გვენეტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პოლიციამ დღევანდელი ინციდენტის გამო დააკავა 5 პირი, მათ შორის, სამი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილე, 2 კი – სასულიერო პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა ზურაბ გვენეტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  ისინი პოლიციამ სიტყვიერად გააფრთხილა და უკვე გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “იდენტობის” მიერ ორგანიზებული მსვლელობა, რომელიც ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმისა და უარყოფითი განწყობის შეცვლისკენ იყო მიმართული, ჩაიშალა, იმის გამო, რომ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუკეტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *