ბიძინა ივანიშვილის დეველოპრეული აქტივების გაყიდვის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა კომპანია “უნიკორსა” და “ბინ ჯგუფს” შორის. ამ ინფორმაციას კომპანია “უნიკორი” თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
გაყიდული აქტივების შემადგენლობაშია: მოსკოვში მშენებარე ელიტარული მიკრორაიონი “სადოვიე კვარტალი”, რომელიც 11 ჰა ფართობზე შენდება, სასტუმრო კომპლექს “ლუქს ოტელის” პროექტი, რომელიც საერთაშორისო ოპერატორი კომპანიის “Mandarin Oriental Hotel Group”-ის მართვაშია, ახალაშენებული მრავალფუნქციური კომპლექსი “სამიტი”.
მხარეები 982.5 მილიონ აშშ დოლარზე გეგმავენ კონტრაქტის გაფორმებას 2012 წლის 15 აგვისტომდე, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის შესაბამისად.
ელიტარული მიკრორაიონის საბოლოო მფლობელი მიქაელ შიშხანოვი (“ბინ ბანკის” პრეზიდენტი) გახდება, ხოლო სასტუმროების აქტივების – მიხაილ გუცერიევი (კომპანია “ბინ ჯგუფის” დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელი).
“ბინ ჯგუფი” სამრეწველო-ფინანსური კომპანიაა, რომელიც მუშაობს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ობიექტების მშენებლობასა და დეველოპმენტზე.
გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილმა მის საკუთრებაში მყოფილი ბანკი “როსიისკი კრედიტი” მიყიდა კერძო ინვესტორების ჯგუფს 352 მილიონ დოლარად.
ივანიშვილი თავისი რუსული აქტივების გაყიდვის შესახებ მოლპარაკებებს გასული წლის ბოლოდან აწარმოებს. საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი გასული წლის ოქტომბრიდან ჩაერთო. ივანიშვილი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერია და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრობას აპირებს.
”ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილი 153–ე ადგილზეა 6.4 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით.