ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს დაბრუნებას სთავაზობს

19 მაისი, 2012 • 893
სააკაშვილი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა და საქართველოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებად ქვეყანაში დაბრუნება შეთავაზა. 

“ჩვენ გვქონდა დრო ქვების გაბნევის და ახლა დადგა დრო ამ ქვების შეგროვების. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაგაბრუნოთ საქართველოში. ზოგიერთი, მუდმივად თუ არა, შეიძლება ნაწილობრივ მაინც დაბრუნდეს. ჩვენ უკვე გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ ბოლო წლებში ჩვენი ექიმები დაბრუნდნენ. ჩვენს ექიმებს 15 წელი არ ჰქონდათ პრაქტიკა. თქვენ შეგიძლიათ ის პრაქტიკა და კვალიფიკაცია დააბრუნოთ საქართველოში.  მოგეხსენებათ, მთვარი კაპიტალი სწორედ ექიმთა კვალიფიკაციაა და არა ახალი აპარატურა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აქ მოღვაწე სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა. აქამდე სანდრა იყო დაკავებული აქ მოღვაწე ექიმების მონაცემების შეგროვებით,”- განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ ექიმებს.

პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ექიმებს საქართველოს ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების შესახებაც ესაუბრა.  

“საქართველოში ძალიან მაგრად ვითარდება სამედიცნო სექტორი, გარდა იმ 150 დიდი და პატარა კლინიკისა, მე მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ქმნის ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას. ახლა კორეელები იწყებენ 200– საწოლიანი დიდი კლინიკის მშენებლობას, რომელიც იქნება ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველოში იქნება სამედიცინო სექტორი არა მხოლოდ საქართველოსთვის, საქართველო უნდა გახდეს სამედიცინო ცენტრი მთელი რეგიონისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი ფულის შემომტანია. ჩვენს ქვეყანში უკვე ჩამოდიან პაციენტები გროზნოდან, დაღესტნიდან, ევროპიდან,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

აქვე პრეზიდენტმა სამედიცინო ტურიზმის განვითარებაზეც  ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ტურისტთა მზარდი ნაკადიდან დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო ტურიზმის მიზნით ჩამოვა. 

სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ამ მიზნით წყალტუბოს, საირმის, აბასთუმანის, ბორჯომის, ახტალასა და სხვა საკუროტრო ადგილების აღორძინებას იწყებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი