ახალი ამბები

რას აჩვენებს სატელევიზიო ტოქშოუებისა და ახალი ამბების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი

9 სექტემბერი, 2016 • 2045
რას აჩვენებს სატელევიზიო ტოქშოუებისა და ახალი ამბების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი

ტელეარხები ყველაზე მეტ საეთერო დროს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობს, რუსთავი 2-ზე შესამჩნევია ენმ–ის მიმართ სიმპათიები, ხოლო იმედი პოზიტიურად „ოცნებას“ აშუქებს, – 2016 წლის არჩევნებზე მედიამონიტორინის შუალედურ ანგარიში “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” დღეს წარადგინა.

მონიტორინგის შედეგები წარმოდგენილია 11 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით და მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.

ანგარიშის ერთ–ერთ ავტორი გიორგი მგელაძე ამბობს, რომ ტელევიზიები საარჩევნო სუბიექტების მიერ მეორე სუბიექტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ხშირ შემთხვევაში აშუქებენ ცალმხრივად, კადრ-სინქრონებით. ხელისუფლების მიმართ ბალანსი ყველაზე ხშირად რუსთავი 2–ის ეთერში ირღვეოდა და ადრესატებს არ ეძლეოდათ შესაბამისი პასუხის საშუალება.

მაგალითად, 28 ივლისს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) ზეწოლასა და რეპრესიების გატარებაში დაადანაშაულა. რუსთავი 2–ის ეთერში გავიდა მხოლოდ შალვა ნათელაშვილის ბრალდება, არ იყო დასახელებული კონკრეტული ფაქტები და არ ისმოდა სუს-ის პოზიცია, არც საპასუხო კომენტარის მოპოვების მცდელობა ჩანდა. მასალა იყო ცალმხრივი და დაუბალანსებელი.

გიორგი მგელაძე ამბობს, რომ საინფორმაციო გამოშვებების ჟურნალისტები არ ცდილობენ მეორე მხარესთან დაკავშირებასა და საზოგადოებისთვის მისი პასუხის გაცნობას, რასაც კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკა მოითხოვს.

ძირითადი მიგნებები

  • სამონიტორინგო არხების უმრავლესობა საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს კვლავ საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობს. მონიტორინგის პირველ პერიოდშიც ყველაზე მეტი დრო ტელევიზიებმა მთავრობას დაუთმეს.
  • 11 არხის მონაცემების მიხედვით, მთავრობის მიმართ პოზიტიური გაშუქებით „კავკასია“ ლიდერობს. მის ეთერში მთავრობისთვის დათმობილი დროის 18% პოზიტიურად გაშუქებას დაეთმო. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას „რუსთავი 2-ზე“ აქვს – დათმობილი დროის 72%. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება კი ტელეკომპანია „GDS-ზე“ – 83%.
  • პრეზიდენტი პოზიტიურ ტონში ყველაზე ხშირად ტ/კ „კავკასიის“ ეთერში დაფიქსირდა – დათმობილი დროის 14%; უარყოფითად – „ობიექტივზე“ (37%), ნეიტრალურად ყველაზე ხშირად პრეზიდენტი „ტაბულაზე“ გაშუქდა – მისთვის დათმობილი დროის 95%.
  • პარტია „ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად „იმედის“ ეთერში ჩანდა, მისთვის დათმობილი დროის 54% პოზიტიური იყო, ნეგატიურად „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდი დოზით „რუსთავი-2-ზე“ გაშუქდა (52%), ნეიტრალურად კი – „მაესტროზე“ (86- %).
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დადებითი ტონით ყველაზე მეტად „კავკასიაზე“ წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 11-% პოზიტიური გაშუქება იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე უარყოფითად GDS-მა გააშუქა (51%), ნეიტრალურად კი, „ტვ 25-მა“ 87%-ით.
  • ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 42%. უარყოფითად კი, „ობიექტივსა“ და „ტაბულაზე“ 100-100%-ით. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება ივანიშვილს „ტვ 25- ზე“ ჰქონდა – დათმობილი დროის 53%.
  • დროის განაწილების და თვისებრივი დაკვირვების შედეგების ანალიზისას რჩება შთაბეჭდილება კონკრეტული არხების, კონკრეტული სუბიექტების მიმართ არსებული სიმპათიების შესახებ. მაგალითად, „ობიექტივი“ აშკარად გამორჩეულად სწყალობს საარჩევნო ბლოკს – „პატრიოტთა ალიანსი“, „რუსთავი 2-ზე“ შესამჩნევია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები, „იმედი“ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს „ქართულ ოცნებას“.
  • შინაარსობრივი ანალიზისას გამოვლინდა, რომ არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებენ სუბიექტებს, თუმცა ყველა არხზე დაფიქსირდა ბალანსის დარღვევის შემთხვევები. მონიტორინგის პირველ პერიოდშიც ტელევიზიებში მთავარი პრობლემა მხარეთა შორის ბალანსის დაუცველობა იყო.
  • არხები ახალ ამბებს ხშირ შემთხვევაში ე.წ. კადრსინქრონებით აშუქებენ. ასეთ მასალებში, ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობითაა გადმოცემული. ამის შესახებ წინა ანგარიშშიც აღვნიშნეთ, თუმცა სურათი არ შეცვლილა. შთაბეჭდილება რჩება, რომ მედიასაშუალებები კადრსინქრონს არ აღიქვამენ სრულფასოვან მედიაპროდუქტად, არ ამზადებენ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც სიუჟეტს ან რეპორტაჟს და სისტემატიურად არღვევენ ბალანსს. არადა, ის ჩვეულებრივი მედიაპროდუქტია, სტანდარტიც შესაბამისად ვრცელდება და მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დაუბალანსებელ ინფორმაციას კადრსინქრონის სახით მიიღებს თუ სიუჟეტის.
  • რამდენიმე არხზე ეთერში გავიდა ვრცელი სიუჟეტები პირობითი სახელწოდებით „საარჩევნო სუბიექტების აქტივობები“. ამ სიუჟეტებში რამდენიმე სახის პრობლემა დაფიქსირდა: 1. სიუჟეტები თანამედროვე სტანდარტით ძალიან გრძელი (5-9 წთ) და აქედან გამომდინარე მოსაწყენია. 2. ასეთ სიუჟეტებში სუბიექტების აქტივობები მექანიკურად, ყოველგვარი საერთო ხაზის გარეშეა გაერთიანებული და ხშირად ქაოტურ სახეს იძენს, რაც მაყურებლისთვის უინტერესოს ხდის საარჩევნო აქტივობების თვალის დევნებას, ამომრჩეველი ვერ იღებს საჭირო ინფორმაციას, რაც ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. 3. სიუჟეტებში სუბიექტების ბრიფინგებიც ხვდება, სადაც, ზოგ შემთხვევაში, ბრალდებები ჟღერდება კონკურენტის მიმართ, რამდენიმე სიუჟეტი შეგვხვდა, სადაც ბრალდებებზე პასუხი არ იყო მოცემული. 4. ასეთ სიუჟეტებში სუბიექტებს თითქმის მათემატიკური სიზუსტით თანაბარი დრო აქვთ დათმობილი, რაც ფორმალური ბალანსის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიშანდობლივია, რომ ასეთი ფორმატის სიუჟეტები ბოლო წლებში გამართული ყველა არჩევნების დროს გვხვდება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დროის მათემატიკური განაწილება გარე დამკვირვებლებისთვის ფორმალური ბალანსის საჩვენებლად ხდება. არადა, მიმდინარე მონიტორინგის მიზანი ნამდვილად არ არის ხელოვნურად, მექანიკურად „დაბალანსებული“ და „მიუკერძოებელი“ მედიაპროდუქტების შექმნის წახალისება.
  • წინა ანგარიშისგან განსხვავებით, ამ საანგარიშო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებებში სიძულვილის ენა ან შეუსაბამო ტერმინოლოგია არ გამოუყენებიათ.

ტოქშოუები

ქარტიის მონიტორები, მთავარი საინფორმაციო გამოშვებების გარდა, აკვირდებოდნენ ამავე ტელეარხებზე გასულ საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს, რომლის ანგარიში ასევე მოიცავს 1 ივლისი – 30 აგვისტოს პერიოდს.

ანგარიშის ერთ–ერთი ავტორის, ნატა ძველიშვილის თქმით, მონიტორინგის სუბიექტებად შერჩეულნი იყვნენ: პრეზიდენტი, მთავრობა, პოლიტიკური პარტიები. მისი განცხადებით, მონიტორები აკვირდებოდნენ, როგორ ჩანდნენ კვლევის სუბიექტები გადაცემებში და თითოეულ ტოქშოუს აფასებდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

არის თუ არა გადაცემის თემა რელევანტურად შერჩეული, რამდენად შესაბამისია მოწვეულ სტუმართა კვალიფიკაცია სადისკუსიო თემასთან, სტუმრების შერჩევისას ხომ არ ჩანს მიკერძოება, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად კარგად მართავს დისკუსიას წამყვანი, როგორია მისი კითხვები, არის თუ არა მომზადებული, აძლევს თუ არა ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას სტუმრებს, გადაცემა ხომ არ არის გამოყენებული სიძულვილის ენის გასავრცელებლად. საერთო ჯამში, იღებს თუ არა მაყურებელი რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც მას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამონიტორინგო პერიოდში სხვადასხვა ტელეარხების ტოქშოუებში არაერთი დისკრიმინაციული გამონათქვამი გაჟღერდა; ხშირად გამოიყენებოდა სიძულვილის ენა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათ არავინ უწევდა წინააღმდეგობას.

მაგალითად, 9 აგვისტოს გადაცემა “რვიანის” სტუმარმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა ჰომოფობიური განცხადებები: “მთელი სალიბერასტეთი, სოროსის ფონდი და გიგა ბოკერია რატომ აღდგა ამის წინააღმდეგ?” ან “არ შევარჩენთ ამ კაცს ამას, მას არ შერჩება პრეზიდენტის სავარძელი. ჯერ ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნოს, ორი რესპუბლიკელი რომ ჰყავს მარჯვნიდან და მარცხნიდანჰ დოლიძე და კოჟორიძე, დააწერინოს წერილი და იმ ფურცელს, რომელსაც გამოგვიგზავნიან ეს ჰომოსექსუალების დამცველებიჰ უკან გავუგზავნით და შევაჭმევინებთ”, რაზეც ჟურნალისტმა ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა.

მონიტორინგის ანგარიშის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტს ჰქონდეს წინასწარი მზაობა და წინასწარვე იფიქროს, რომ თემისა და სტუმრის გათვალისწინებით, შესაძლოა, მისი ეთერი სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის იქნას გამოყენებული. ამის საპასუხოდ ჟურნალისტური ქარტიის წევრები ამბობენ, რომ წამყვანის პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და ნათელი.

ტენდენციები

  • ტოქშოუებში სადისკუსიოდ ხშირად მიმდინარე ამბებს არჩევენ, რაც ახალი ამბების ფორმატში უკვე ფართოდ განხილულია. ასეთ დროს გადაცემა უმეტესად ვერ ახერხებს მაყურებლისთვის ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის შეთავაზებას.
  • მაუწყებელთა ნაწილი საკითხის განსახილველად პოლიტიკოსთა დებატების ნაცვლად ხშირად პირისპირ ინტერვიუს სთავაზობს აუდიტორიას.
  • სადისკუსიო თემა ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრია და ერთ გადაცემაში, ერთ საარჩევნო სუბიექტთან მრავალ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად, დისკუსია ზედაპირულია.
  • წამყვანები უმეტესად შემოიფარგლებიან ზოგადი კითხვებით (თქვენ როგორ შეაფასებთ? რას ფიქრობთ ამ საკითხზე? როგორია საარჩევნო გარემო?), რესპონდენტები სხვათა განცხადებებს აფასებინებენ, შესაბამისად მათი პასუხებიც ზოგადია. არ სვამენ დასაზუსტებელ კითხვებს, სტუმრებს არ სთხოვენ კონკრეტულ პასუხებს. საბოლოო ჯამში, აუდიტორია თითქმის ვერ იღებს ღირებულ ინფორმაციას.
  • წამყვანები ხშირ შემთხვევაში მოუმზადებლები არიან, ამის გამო სტუმრებს ვერ უწევენ ოპონირებას, როდესაც ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც განსაკუთრებით ჩანს პრორუსული ორიენტაციის მქონე რესპონდენტებთან საუბრისას. ასეთი ტიპის სტუმრები ნატოსა და ზოგადად დასავლეთის შესახებ მითებს, არასწორ ინფორმაციას ისე ავრცელებენ, წამყვანი ვერ ახერხებს აუდიტორიისთვის იმის ჩვენებას, რომ მათი განცხადებები უსაფუძვლოა.
  • არაერთხელ დაისვა ისეთი ტიპის კითხვები, როგორიცაა: როგორ შეაფასებთ საკუთარ მუშაობას? ხალხი რა განწყობით გხვდებათ? ამ დროს რესპონდენტს ეძლევა საშუალება დადებითად ისაუბროს საკუთარ საქმიანობაზე სასურველი მიმართულებით.
  • რამდენიმე შემთხვევაში წამყვანები სტუმრებს სთხოვდნენ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემების წარმოდგენას ნაცვლად იმისა, რომ ეთერში გასვლამდე თავად ჰქონოდათ მოძიებული და შედეგებზე პასუხის მიღება მოეთხოვათ.
  • ხშირია შემთხვევა, როდესაც გადაცემის დიდი ნაწილი ეთმობა ამა თუ იმ პოლიტიკოსის განცხადების შეფასებას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ძირითადად სხვათა გამონათქვამებსა და საარჩევნო გარემოს აფასებინებენ. -საარჩევნო პროგრამებსა და ხედვებზე საუბარი რამდენიმე გადაცემაში აგვისტოს ბოლოდან გააქტიურდა.
  • დაპირისპირებულ მხარეებთან გადაცემა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს და ზოგიერთ წამყვანს უჭირდა დისკუსიის წარმართვა.
  • ხშირად სადისკუსიო თემისთვის შერჩეული სტუმრები არარელევანტურია და არ აქვთ შესაბამისი ცოდნა განსახილველ საკითხზე. ეს გადაცემის შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილების გარდა შესაძლებელია უფრო მეტად გამოწვეული იყოს იმით, რომ თავად საარჩევნო სუბიექტებს არ ჰყავთ შესაბამისი სპიკერები და მაუწყებლებს უჭირთ რესპონდენტების სტუდიაში მოყვანა.
  • რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ტოქშოუ „ღამის სტუდია“ ერთი პოლიტიკური ძალის, „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმაა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ისაუბრონ ყველაფერზე.
  • ობიექტივის ტოქშოუ „ღამის სტუდია“ ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრთან“ ერთად ის გამონაკლისი შემთხვევაა, სადაც რესპონდენტებთან ერთად თავად წამყვანებიც იყენებენ არაკორექტულ გამონათქვამებს, შეუსაბამო ტერმინოლოგიას, სიძულვილის ენას. სხვა რამდენიმე გადაცემაში (მაგ. „რვიანი“, „ბარიერი“) სიძულვილის ენა სტუმრებმა გამოიყენეს, რასაც არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება წამყვანის მხრიდან.
  • შეიძლება ითქვას, რომ სამონიტორინგო პერიოდში საზოგადოებას საარჩევნო სუბიექტების შესახებ ტოქშოუებმა ვერ მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც მათ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში ატარებს. მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი