ახალი ამბები

ჯაფარიძე: მაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი, რომ ამ არჩევნებს მოვიგებ, როგორც მაჟორიტარი

9 სექტემბერი, 2016 • 1121
ჯაფარიძე: მაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი, რომ ამ არჩევნებს მოვიგებ, როგორც მაჟორიტარი

“გირჩის” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ვაკეში მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებს. ამის შესახებ მან დღეს, 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გუშინ საარჩევნო ბლოკმა “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია გამოაქვეყნა, რომელშიც ზურაბ ჯაფარიძე მეთორმეტე ადგილს იკავებს:

“ჩემი მიზანია, რომ პოლიტიკაში ახალ ადამიანებს გავუხსნა კარი. მე მქონდა არჩევანი, რომ სიის თავში ვყოფილიყავი, უბრალოდ ჩემი ცნობიერი არჩევანი იყო ის, რომ “გირჩიდან” სხვა ადამიანები ყოფილიყვნენ. ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მე პოლიტიკური გამოცდილება მაქვს და მე მინდა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს “გირჩში” პოლიტიკური გამოცდილება,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებს:

“მეორე მიზეზი არის ის, რომ მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში, უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ. პარლამენტში შევედი “ნაციონალური მოძრაობის” სიით, ახლა ჩემთვის პრიორიტეტულია, თვითონ მოვიპოვო კონკრეტული ამომრჩევლის მხარდაჭერა. ვაპირებ ეს თვე დავუთმო იმას, ვაკელების მხარდაჭერა მოვიპოვო. მაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი, რომ ამ არჩევნებს მოვიგებ, როგორც მაჟორიტარი. ”

ვაკის მეორე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის მსრურველი  8 კანდიდატია დარეგისტრირებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი