ევროკავშირის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში გარკვეული წინსვლა აქვს, კვლავ პრობლემად რჩება ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა, ასევე, დაპატიმრებულთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენება და წამების ფაქტების არასათანადო გამოძიება.
დღეს, 15 მაისს, თბილისში საქართველოში ევოკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს გააცნო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოში 2011 წელს განხორციელების ანგარიში. კონკრეტული ფაქტების შეფასებების გარდა, ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა გზით უნდა გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარება.
ევროკავშირის შეფასებით, 2011 წელს საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, თუმცა წლის ბოლოს პოლიტიკური პროცესები დაიძაბა და გაჩნდა ეჭვი, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები კონკრეტული პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული. ევროკავშირის მოსაზრებით, პარტიების დაფინანსება კანონში შესული ცვლილებების შემდეგ უფრო გამჭვირვალე გახდა, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც სახელისუფლებო რესურსზე წვდომა არა აქვთ.
ევროკავშირი მდგრადი დემოკრატიის კონტექსტში განიხილავს მედიის თავისუფლების საკითხს და შეშფოთებულია, რომ მედიასაშუალებებისთვის დისტრიბუციის ქსელი თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის.
2011 წლის იანავრში ვეტერანებისა და ამავე წლის 26 მაისს საპროტესო აქციების ძალადობრივმა დაშლამ ევროკავშირს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი შეუქმნა. 2011 წლის სამეზობლო პოლიტიკის შესრულების ანაგრიშში ასევე მოხვდა 26 მაისს, აქციის დაშლისას ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რასაც ევროკავშირი ჟურნალისტებზე ”გაუმართლებელ შეტევად” აფასებს. იქვე კმაყოფილებაც არის გამოთქმული 2011 წლის ივლისში ”შეკრებებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში შესულ ცვლიელებებთან დაკავშირებით და ეს ფაქტი დადებითად არის აღქმული.
ევროკავშირის შეფასებით, ქართული სასამართლოს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოში პროკურორს ძლიერი პოზიცია უკავია, სასამართლოს კი დამოუკიდებლობა აკლია, რასაც მეტყველებს გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (98%), რაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, მაგრამ არა – დამაკმაყოფილებელი.
2011 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის სფეროში წინსვლა შეინიშნება, გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო ძირითად აქცენტს აკეთებს დამნაშავის გამოსწორებაზე ორიენტირებულ სამართალზე, ალტერნატიულ სასჯელზე, მედიაციაზე – ეს ყველაფერი კი ევროპას იმედს უჩენს, რომ პატიმართა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მყოფ ქართულ ციხეებში პატიმართა რაოდენობა კლებას დაიწყებს.
”აუცილებელია შემდგომი წინსვლა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესებისა და მათი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის. დაკავებისა და წინასწარი პატიმრობისას გადამეტებული ძალის გამოყენება, საპყრობილის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობა და კანონის არათანაბრად გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვები ჯერ კიდევ შეშფოთებას იწვევს. წამების აღკვეთის კომიტეტმა და სახალხო დამცველმა გააკრიტიკეს გაჭიანურებული გამოძიების შემთხვევები, არასაკმარისი დისციპლინარული ზომები და ფაქტების არასწორი კვალიფიკაციით გამოწვეული ნაკლებად მკაცრი სასჯელები; კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციით ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკაფიო გზავნილი, რომ იქნება ”ნულოვანი ტოლერანტობა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ”. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მხრიდან დემოკრატიული ზედამხედველობის ნაკლებობა ასევე შეშფოთების საგანია,” – ნათქვამია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოში 2011 წელს განხორციელების ანგარიშში.
ზემოაღნიშნული უფლებების გარდა, ევროკავშირი თავის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ქალთა უფლებებზეც და აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის საკითხში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები. მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონში შესული ცვლილება.
მიუხედავად ანგარიშში ასახული დადებითი მოვლენებისა, ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს საქართველოში კერძო საკუთრების დაუცველობის პრობლემა და სახელმწიფო ქონების პრივატიზების გაუმჭვირვალობა.
ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, აღნიშნული მოხსენება მრავალმხრივია და ასევე ეხება საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის შეფასებას, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს, გარემოს დაცვას და ა.შ. ევროკავშირი აღნიშნული დოკუმენტის განხილვას უახლოეს მომავალში აპირებს ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.