ახალი ამბები

გერმანია ევროპის “თავდაცვის კავშირის” შექმნას უჭერს მხარს

9 სექტემბერი, 2016 • 1367
გერმანია ევროპის “თავდაცვის კავშირის” შექმნას უჭერს მხარს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროპის “თავდაცვის კავშირის” შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, მისი თქმით, იგივე “თავდაცვის შენგენი” იქნება.  როიტერის ცნობით, ამის შესახებ გერმანელმა პოლიტიკოსმა ლიტვაში განაცხადა, სადაც ნატოს ფარგლებში 1000 გერმანელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება.

როიტერის ცნობით, ევროკავშირი დიდი ხანია ფიქრობს თავდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაზე ისე, რომ ამან ძირი არ გამოუთხაროს ნატოს, რომლის წევრიც ევროკავშირის წევრი ბევრი სახელმწიფოა. ეს საკითხი აქტუალური გახდა უფრო აგრესიული რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე. როიტერი ასევე წერს, რომ ევროპის “არმიის” იდეის მოწინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო იყო, რომელმაც ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება იდეის მომხრეებს, როიტერი გერმანიას, საფრანგეთს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ასახელებს.

“ახლა დროა წინსვლისთვის ევროპის თავდაცვის კავშირისაკენ, რომელიც “თავდაცვის შენგენია”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ ეს არის ის, რასაც აშშ მათგან ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი