ახალი ამბები

გოგუაძე: ადამიანის უფლებები ისეთი დაცული, როგორიც დღესაა, საქარველოში არასოდეს ყოფილა

9 სექტემბერი, 2016 •
გოგუაძე: ადამიანის უფლებები ისეთი დაცული, როგორიც დღესაა, საქარველოში არასოდეს ყოფილა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ საქართველოში ადამიანზე ძალადობის თითოეული ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.

ეს განცხადება ნინო გოგუაძემ 8 სექტემბერს, “ქართული ოცნების” პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანის თავისუფლება ყოველთვის იყო “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც მთელი ოთხი წლის მანძილზე ვმუშაობდით და, მე ვფიქრობ, ადამიანის უფლებები ისეთი დაცული, როგორიც დღეს არის, ჩვენს ქვეყანში არასდროს არ ყოფილა. ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველა მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი გაუმჯობესებულია პენიტენციალურ სისტემაში, გაუმჯობებულია სოციალური დაცვის მიმართულებით, რომელი პროგრამებიც ჩვენ არაერთგზის განვახორციელეთ გასული 4 წლის მანძილზე… ადამიანის თავისუფლება არის “ქართული ოცნების” ყველაზე მთავარი ღირებულება, რომელზეც აგებულია ჩვენი გასული 4 წლის და მომავალი 4 წლის პროგრამაც. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ადამიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება, ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა ადეკვატურად რეაგირებული და ამაზე მოხდა შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირება,”- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში, მიღწეულ პროგრესთან ერთად, არის საუბარი ადამიანის უფელბების დარღვევის ფაქტების არაეფექტურ გამოიებაზეც. მაგალითად, ომბუდსმენის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. ასევე, ანგარიშში საუბარია პირადი ცხოვრების კადრების გავრცლეების არაეფექტურ გამოძიებაზე, შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობაზე, ჰომოობიის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიებაზე,  რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობის უფლების დარღვევის ფაქტებზე და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი