პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში მიმდინარეობს. პრეზენტაციაზე მისული ჟურნალისტები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას, პრეზენტაციის სივრცისგან მოშორებით არიან განთავსებული.
ჟურნალისტებისა და პრეზენტაციის მონაწილეთა შორის ბარიკადები და მუქი ფერის ფარდებია. პრეზენტაციას ჟურნალისტები თვალს სპეციალურად მათთვის განთავსებულ მონიტორზე ადევნებენ, შესაბამისად, მათ არ მიეცათ შეხვედრაზე კითხვების დასმის საშუალება.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეს კონკრეტული ფორმატი შეირჩა.
“ჩვენ სხვადასხვა ფორმატს გამოვიყენებთ საარჩევნო პერიოდში. დღეს იყო კონკრეტული, ჩვენ მიერ შერჩეული ძალიან კარგი ფორმატი. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წარმატებული ღონისძიება სწორედ ამ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც შეირჩა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.