ახალი ამბები

ცვლილებები ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის

19 მაისი, 2012 • 993
ცვლილებები ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება იმისათვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გარშემო:

“მე არ ვარ აღფრთოვანებული ამ ცვლილებებით, მაგრამ ეს კეთდება იმისთვის, რომ შეწყდეს ყოველგვარი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ივანიშვილს არ აქვს უფლებამოსილება პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ამ კანონს აუცილებლად”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

საბოლოო რედაქციით, რომელსაც დღეს პარლამენტში უყრიან კენჭს, საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნული პირები ამ უფლებით ისარგებლებენ 2014 წლის 1 იანვრამდე.

საპარლამენტო ოპოზიციის, “ქრისტიან-დემოკრატების” თქმით, ისინი მხარს უჭერენ ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტს:

“თუ საქართველოში დაბადებულ პირს 10 წელი უცხოვრია საქართველოში და მათ შორის ბოლო სამი წელი – მუდმივად, ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის”, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი