ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი

19 მაისი, 2012 •
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი

საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ფართოვდება საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრე.

საბოლოო რედაქციით, რომელსაც დღეს პარლამენტში უყრიან კენჭს, საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნული პირები ამ უფლებით ისარგებლებენ 2014 წლის 1 იანვრამდე.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დაისვა, რაც ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. საკითხის ინიცირება პარლამენტში “ქრისტიან-დემოკრატებმა” მოახდინეს, მათი წინადადება იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონოდათ საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც 10 წელი მაინც ცხოვრობდნენ საქართველოში.

8 მაისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლითაც “2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ”.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს და 2005 წლიდან იხდის გადასახადებს, როგორც მობინადრე. შესაბამისად, ის პირველადი რედაქციით ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ახალი რედაქციით, რომელიც დღეს უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, ივანიშვილს სრულად ეძლევა უფლება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი