ახალი ამბები

სამინისტრო: მსჯავრდებულმა სხეულზე თვითდაზიანებები ომბუდსმენთან შეხვედრამდე მიიყენა

8 სექტემბერი, 2016 • 1273
სამინისტრო: მსჯავრდებულმა სხეულზე თვითდაზიანებები ომბუდსმენთან შეხვედრამდე მიიყენა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სახალხო დამცველის მიერ N6 დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამინისტროს გააჩნია მიმდინარე წლის 1-დან 8 სექტემბრამდე პერიოდის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულმა თვითდაზიანებებს საკანში სახალხო დამცველთან შეხვედრამდე მიიყენა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ბ-ს მხრიდან შესაძლო პროვოკაციის გამოწვევასთან დაკაშირებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა ვიდეომეთვალყურეობა.

“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით. უწყება მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ჩანაწერი. ამასთან, სამინისტრო მიმართავს სახალხო დამცველს, ნებისმიერი მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა თავადაა დაინტერსებული, პენიტენციურ სისტემაში არ ფიქსირდებოდეს თანამშრომელთა მხირდან გადაცდომის, მით უმეტეს, არასათანადო მოყრობის არც ერთი ფაქტი.” – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს დღეს მიმართა. პროკურატურა გამოძიებას უკვე აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი