ახალი ამბები

სურბ ნშანის ეკლესიის კარიბჭე ღამით ჩამოინგრა[video]

19 მაისი, 2012 •
სურბ ნშანის ეკლესიის კარიბჭე ღამით ჩამოინგრა[video]

ვერცხლის ქუჩაზე ნგრევის ხმამ მეზობლები დაახლოებით ღამის ორ საათზე გამოაღვიძა, მათ სახლებიდან ეზოში გასვლა მოასწრეს, ნახევარი საათის შემდეგ კი სურბნ შანის ეკლესიის კარიბჭე მთლიანად ჩამოიშალა.

ეკლესიის ეზოში ოთხი ოჯახი ცხოვრობს, მათგან ერთ-ერთის, ბეროშვილი ჰაიკანუშას სახლის კედელი ეკლესიის ნგრევასთან ერთად ჩამოიშალა.

ბეროშვილი ჰაიკანუშა ამბობს, რომ ტაძარი მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც რამდენიმე კვირის წინ, დაახლოებით აპრილის ბოლოს, გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა ტაძარს გამაგრებამ ვერ უშველა.

სამუშაოების დაწყებას ადასტურებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსი პაატა გაფრინდაშვილიც. მისი თქმით, ნგრევა წვიმამ და ღვარცოფმა გამოიწვია:

”ტაძრის შიგნითაც და გარეთაც რკინის კონსტრუქციებია ჩაყენებული, სრული რეაბილიტაციის დაწყება გამაგრების გარეშე შეუძლებელია”, – აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი. მისივე თქმით, საბოლოო რეაბილიტაციისთვის პროექტი არსებობს, თუმცა თანხები ჯერ კიდევ მოსაძიებელია.

ამჟამად ეზოში მცხოვრები ოჯახები სახლებში შესვლას ნანგრევების გვერდის ავლით ვერ ახერხებენ. მათი განცხადებით, მერიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით დახმარება არ შეუთავაზებიათ.

”ადგილზე იმყოფებოდა ძველი თბილისის რაიონის გამგებელი დავით ავალიანი, ჯერ უნდა ჩატარდეს გაწმენდითი სამუშაოები და შემდეგ გადაწყდება, თუ საჭიროა, გამგეობა ამ ხალხს გადაიყვანს ქირით, თუ არადა, რაიმე სხვა გზას გამონახავენ”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სურბნ შანის ეკლესიას საფრთხე რამდენიმე თვის წინ გაჩენილმა ხანძარმაც შეუქმნა, 2012 წლის 22 იანვარს პატრიარქმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.

სურბ ნიშანის ეკლესია, რომელსაც წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიადაც მოიხსენიებენ,  მრავალი წელია მოქმედი არ ყოფილა და იმ ტაძრების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სადავოა ქართული და სომხური ეკლესიებისთვის. 

ამავე თემაზე:

რა ბედი ეწევა სურბ ნშანის ეკლესიას

საპატრიარქოს განცხადება სადავო ეკლესიებთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი