გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში მურმან დუმბაძე იქნება და ეს გადაწყვეტილება კოალიციამ სოციოლოგიური კვლევების შედეგების საფუძველზე მიიღო, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს.

ინფორმაციას არც მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე ადასტურებს, თუმცა არც უარყოფს. მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაცია კვლევების შესახებ და არც რაიმე სხვა სახის შეტყობინება „ქართული ოცნებიდან“  ამ გადაწყვეტილების შესახებ მას არ აქვს. „მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ როცა შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, უმეტესად ვილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიწყოს პარტიული სტრუქტურა აჭარის რეგიონში, რადგან მას ეს საკითხი აინტერესებდა. მაგრამ, ბუნებრივია, შევეხეთ მაჟორიტარობის საკითხსაც. ამ თემაზე საუბრის დროს ჩამოვარდა სიტყვა სოციოლოგიურ კვლევაზე. მე უფრო სანდოდ მიმაჩნია კვლევები და ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს იქნებოდა შემთხვევა, როცა მაჟორიტარობის კანდიდატს დედაქალაქი კი არ დაუსახელებდა ბათუმს, ან, ვთქვათ, ხულოს რაიონს ან ქობულეთს, ამ შემთხვევაში ხალხი მიიღებდა გადაწყვეტილებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

კითხვაზე, თუ ასეთი კვლევები ჩატარდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კონკურენტი და ვის და ვის შორის აკეთებს „ქართული ოცნება“ არჩევანს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის შესარჩევად, მურმან დუმბაძე არ პასუხობს. „ქართულ ოცნებაში ძალიან კვალიფიციური და რეიტინგული ადამიანები არიან გაერთიანებული, შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი. წარმომადგენლები ყველა პარტიიდან, რომლებიც არიან კოალიციაში, შეიძლება რვაკაციანი სიაც კი ყოფილიყო.“

სოციოლოგიური კვლევები, რეგიონებში ყველაზე რეიტინგული ლიდერების გამოსავლენად, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამერიკაში დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ დაუკვეთა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს, რომელსაც იაგო კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობს. მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, კვლევების შედეგები უკვე ცნობილია, მაგრამ „ეს შიდა მოხმარების ინფორმაციაა და საჯარო არ არის“ .  

უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ კოალიციის  აჭარის რეგიონული ოფისის პრეზენტაციას გამართავს. ვინ ჩაიბარებს კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პირის თანამდებობას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მურმან დუმბაძის თქმით, „აღნიშნულ თანამდებობაზე კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თავისი კანდიდატურა ჰყავს, გადაწყვეტილებას ცენტრში მიიღებენ.“ „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, აღნიშნულ თანამდებობაზე მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ავთანდილ ბერიძის კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.

ცაგო კახაბერიძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *