ახალი ამბები

მაჭავარიანი: გარეჯში გადასვლის პრობლემა დემარკაციამდე არ უნდა შეიქმნას

19 მაისი, 2012 •
მაჭავარიანი: გარეჯში გადასვლის პრობლემა დემარკაციამდე არ უნდა შეიქმნას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის საზღვრის დემარკაციის საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს, სადაც ქართული მხარე აყენებს წინადადებას, რომ არ მოხდეს ხელშეშლა დავით გარეჯის კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტების გადაადგილების კუთხით, სანამ საბოლოოდ დადგინდება სასაზღვრო ხაზი.

“მე ვიცი, რომ როდესაც დემარკაციის კომისია მუშაობს, ჩვენი მხრიდან ეს საკითხი ძალიან ხაზგასმით დგება და ყოველთვის არის თხოვნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, სანამ საბოლოოდ დადგინდება ხაზი, არ იყოს ხელის შეშლა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის, ვისაც სურდა კომპლექსის დათვალიერება მთლიანად და აზერბაიჯანის მხარე ამ საკითხებს ყოველთვის გაგებით ხვდებოდა.  

მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება. ჩვენი პოზიცია არის, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სანახავად დღეს, სანამ საზღვარი საბოლოოდ დადგინდება, საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს გადასვლის პრობლემა არ ჰქონდეთ”, – აღნიშნავს ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. მისი თქმით, მსგავსი დაძაბულობა, რაც ბოლო ერთი კვირის მანძილზე შეიქმნა დავით გარეჯთან დაკავშირებით, ადრეც იყო, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მოიხსნა. მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ პრობლემა ამჯერადაც მოიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი, რომელზეც დღეს დავაა, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული არ იმყოფება საქართველოს საზღვრებში და არის აზერბაიჯანის ტერიტორია.

კალანდაძის განცხადებით, მიმდინარეობს აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად დელიმიტაციის პროცესი, თუმცა აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი სადაო არ არის.

ცნობები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საზღვარი გადმოწია და ამჟამად იქ მხოლოდ ბერებს უშვებენ, გასულ კვირას რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი