ახალი ამბები

ივანიშვილი: კიდევ კარგი, რომ უსუფაშვილი არ დაგვთანხმდა და “რესპუბლიკელებიდან” არ გამოვიდა

8 სექტემბერი, 2016 •
ივანიშვილი: კიდევ კარგი, რომ  უსუფაშვილი არ დაგვთანხმდა და “რესპუბლიკელებიდან” არ გამოვიდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია “ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” დავით უსუფაშვილს სთავაზობდა “რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას და თანამშრომლობას, ხოლო თინა ხიდაშელს არა. ამის შესახებ მან ზუგდიდში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“დავით უსუფაშვილს ნამდვილად სთავაზობდნენ  და მე, ვთქვათ თუ გინდა,  ვიყავი ამის იდეოლოგი, თინა ხიდაშელისთვის არავის შეუთავაზებია მსგავსი. დავით უსუფაშვილთან ბევრი მაქვს ნასაუბრები, როდესაც შევთავაზე, იქნებ დამოუკიდებლად გამოხვიდე და ის რესურსი, რაც შენ გაგაჩნია, პოზიტივში მოახმარო სახელმწიფოს განვითარებას, რამეთუ რესპუბლიკურ პარტიაზე გადაგებული და ამ მცირე რესურსის მქონე კოალიციაში მუდამ დესტრუქციულები, ძალიან ხშირად დესტრუქციულები იყავით- მეთქი. თუ გინდა შენი გამოცდილება სახელმწიფო აღმშენებლობას მოახმარო, შეიძლებოდა კარგი ყოფილიყო დამოუკიდებელ დეპუტატად გამოსულიყავი-თქო. ამით ისიც ვთქვი, რომ ამით რესპუბლიკურ პარტიას არაფერი მოუვა, როგორიც არის, ისეთივე დარჩება და შენ შეგიძლია დიდი როლი ითამაშო სახელმწიფო აღმშენებლობაში.

სხვათა შორის, კიდევ კარგი, რომ არ გამოვიდა. მან საკუთარი ქმედებებით და საკუთარი ბოლო გამონათქვამებით, თუ გნებავთ, საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის სწორად არის რესპუბლიკური პარტიის წევრი და იქ დარჩა, სადაც უნდა დარჩენილიყო და მას იმაზე მეტი რესურსი არ აქვს, რაც მე მეგონა და ჰქონდა  გიორგი კვირიკაშვილსაც. კვირიკაშვილი იყო გაოცებული, კაცს ესაუბრებოდა თანამშრომლობაზე, ეს გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა. ახლა ეს რამდენად კაცურია, თვითონ თარგმნოს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მისთვის “რესპუბლიკური პარტია” ისეთი პარტია არაა, რომელზეც ხალხს მოუწოდებდა, რომ ხმა არ მისცენ:

“ერთი პროცენტი არც ერთ კვლევაში მინახავს, გაცილებით დაბალი აქვთ, 0,1%-ზე და 0,5%-ზე ზემოთ არც ერთ კვლევაში მინახავს მაგათი რეიტინგი და ტყუილად ღიზიანდებიან ჩემზე, საკუთარ თავზე გაღიზიანდნენ და ეს შენიშვნები მხოლოდ იმიტომ გამოვთქვი საჯაროდ, რომ იქნებ მოახერხონ და დაკსვნები გააკეთონ. მრავალპარტიულობაზე მე არასოდეს მითვამს უარი, დღესაც მხარს ვუჭრ, რომ უნდა იყოს ბევრი პარტია, მაგრამ დღეს არ არსებობს ისეთი პარტია, რომელზეც ვიტყოდი, რომ თუ “ქართულ ოცნებას” არა, ამ პარტიას დაუჭირეთ მხარი. “რესპუბლიკური პარტია” არ არის ის პარტია, რომელზეც ვიტყოდი, რომ არ გაბედოთ და მხარი არ დაუჭიროთ, განსხვავებით “ლეიბორისტული პარტიისგან.”

5 სექტემბერს ივანიშვილმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკურ პარტიას” დაბალი რეიტინგი აქვთ და სწორად აფასებს საზოგადოება. იმავე დღეს უსუფაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ არ აპირებს ჭორებს აყვეს.

თინა ხიდაშელმა “ნეტგაზეთთან” აგვისტოში ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ადამიანების ფასი და პატივისცემა. შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა იმავეს ბიძინა ივანიშვილზე  დღევანდელი განცხადებების შემდეგ, ხიდაშელი 5 სექტემბერს ასე პასუხობს:

“კი, დღესაც ასე ვფიქრობ და გაბრაზება არის ჩემთვის ამის დასტური, ის, რომ ის ემოციის გარეშე ამაზე ვერ ლაპარაკობდა, არის ამის დასტური, რომ მან ძალიან კარგად იცის დავით უსუფაშვილის ფასი და ეს სწორედ ამ სიბრაზეში გამოჩნდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი