ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა

19 მაისი, 2012 • 1003
ძლიერმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტიც დააზარალა

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხულოში წუხელ მოვარდნილმა ღვარცოფმა 4 სოფლის მისასვლელი გზები და ნათესები დააზიანა.

წაღებულია ხიდები და დაზიანებულია ქურდულისა და ჭახაურის მისასვლელი გზები. ამ სოფლებში გადაადგილება შეზღუდულია.

“ამ დილით დაგვირეკეს თემის რწმუნებულებმა და გვითხრეს რომ ზოგიერთ სოფელში მიმდინარეობს მეწყერული პროცესები. დაზარალებულია სხალთის თემის სოფელი წაბლანა, კვატია, ყინჩაური, ღორჯომის ტერიტორიაზე მეჩხეთის ხიდია წაღებული. ჯერ-ჯერობით ეს ინფორმაცია გვაქვს ამ დროისთვის. წინა კვირას კი სოფელ დეკანაშვილების თემის ტერიტორიაზე წვიმის დროს მოვარდნილმა ღვარცოფმა ნათესები დააზიანა და გადარეცხა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ამიტომ ხელმეორედ სჭირდება მიწებს დახვნა”, – ამბობს ხულოს გამგებლის მოადგილე, ხათუნა აბულაძე.

ღორჯომის ტერიტორიული ორგანოს თემის რწმუნებულის თემურ ირემაძის ინფორმაციით, ქურდულის და ჭახაურის მისასვლელ გზებზე მოძრაობა პარალიზებულია.

“ცენტრალურ გზაზე კაპიტალურ ხიდს ღვარცოფმა საძირკველი გამოაცალა, მოძრაობა შეუძლებელია”. როგორც რწმუნებული ამბობს, ჯერჯერობით საცხოვრებელ სახლებს საშიშროება არ ემუქრება. “დაზიანებულია 5-6 ჰა მიწის ნაკვეთები და ნათესები. კომისია მუშაობს და ზუსტი ციფრი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი