კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა და ნიაღვრებმა გამოიწვია მდინარე არაგვისა და მისი შენაერთების ადიდება, რამაც პრობლემები შეუქმნა ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. აღნიშნულის გამო თბილისის გარკვეული უბნების წყალმომარაგებაში შეზღუდვებია შექმნილი. ამჟამად წყლის მიწოდება შეზღუდვით ხორციელდება ვაკე-საბურთალოს რაიონში, მთაწმინდის, სოლოლაკის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონის ზედა ზონებში, სვანეთის უბანსა და სანზონაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, წვიმას გავლენა არ მოუხდენია წყლის ხარისხზე და მიწოდებული სასმელი წყალი სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება წყლის მიწოდება აღნიშნულ უბნებში. როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, დეფიციტის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.