გადაღებული ვიდეომასალა, ადგილობრივი მოსახლეობის მონაყოლი და ვიზუალური დათვალიერება მოწმობს, რომ ორთაჭალაში სტიქია, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა, კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყალსაცავიდან გადმოსულ წყალს მოჰყვა.
კრწანისის ქუჩის #82-ში მდებარე კორპუსი ამ წყალსაცავიდან ასიოდე მეტრში მდებარეობს. იქ მცხოვრები ლაურა წიკლაური ამბობს, რომ 12 მაისს, დაახლოებით 23 საათზე “რაღაცამ ძლიერ დაიგრუხუნა და ტბიდან წყალი წამოვიდა”.
“ყველაფერი ზანზარებდა. სავარაუდოდ, ტბა გაივსო და გადმოვიდა”.
წყალმა #82 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედელი გაბზარა და საძირკველი გამოაცალა.

კორპუსის გვერდით ხევში ამჟამად პატარა მდინარე მიედინება, თუმცა იქაურობას ისევ ეტყობა წუხანდელი ღვარცოფის კვალი, რომელმაც მოგლიჯა ხეები, ხოლო ორთაჭალაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
ტერიტორია, საიდანაც წყალი მოედინებოდა, ახლა ასე გამოიყურება:
როგორც კრწანისის, ასევე ორთაჭალის მცხოვრებლები ტბას და წყალსაცავს ახსენებენ და არავის ეპარება ეჭვი, რომ სტიქია სწორედ იქედან გადმოსულ წყალს მოჰყვა.
წყალსაცავის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვებას “ნეტგაზეთი” გარემოსდამცველებისგან შეეცადა, რომელთა ნაწილს ამის შესახებ არაფერი სმენია. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე კი ამბობს, “კრწანისის თავზე არის ე.წ. სადრენაჟო ტბა, რომელსაც კვება არ აქვს”.
ჩხობაძის თქმით, იქ არის “ პატარა კოლექტორიც, რომელიც, სავარაუდოდ, დაზიანებული იყო, რამაც შეიძლება წყლის გადმოსვლა გამოიწვია. გარდა იმისა, რომ მწყობრში უნდა იყოს კოლექტორები, აუცილებელია, რომ მუდმივად იწმინდებოდეს ხევები, რადგან ხევებში დიდი ხეები იზრდება და წვიმის დროს ადიდებულ წყალს ვეღარ ატარებს, ამის გამო წყალი გროვდება და ან გარეთ გადმოდის, ან ერთიანად მოვარდება. საერთოდ ჩვენი მდინარეები ღვარცოფულობით ხასიათდება და ხშირად შეიძლება მოიტანოს წყალდიდობა. ამის მაგალითი სწორედ ამ ადგილზე 60–იან წლებშიც იყო, როდესაც ხევებიდან გადმოსული წყალი ორთაჭალის აბანოებამდე ჩამოვიდა და ამას მსხვერპლიც მოყვა. არ ვიცი, ახლა ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია, ან რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ეს მუშა კოლექტორია და გაწმენდითი და სხვადასხვა სამუშაოები აქ მუდმივად უნდა ჩატარებულიყო”.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 13 მაისს კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა: “ღამე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სამთავრობო რეზიდენციაში არსებული ტბა გასკდა. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე თვითონ ღამის 4 საათზე ვიყავი და ვნახე, დავათვალიერე. ეს [ტბა] დახურული ტერიტორიაა დღესაც, მაგრამ იქ ამის ნიშნები არ შეინიშნებოდა. ახლა მიმდინარეობს სამუშაოები, რომ სრულად დადგინდეს”.
ღამის 4 საათზე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იქაურობა უკვე დატბორილი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა წყალსაცავიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გარეგანათება გათიშა და ისინიც ვერაფერს აკეთებდნენ.




