ახალი ამბები

რას აღნიშნავს საქართველო 9 მაისს

9 მაისი, 2012 •
რას აღნიშნავს საქართველო 9 მაისს

9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული -საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში.

ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს. ამავე 1965 საიუბილეო წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს 9 მაისის აღნიშვნას, დღეს პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების ნაწილი (“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა,” “დემოკრატიული მოძრაობა,”პოლიტიკური მოძრაობა “თეთრები,” პოლიტიკური პარტია “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა,” “თავისუფალი საქართველო, კოალიცია “ქართული ოცნება.”) 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის პატივს მიაგებს.

2011 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით 8 მაისს შაემკო. როგორც მაშინ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, “8 მაისს მთელი კაცობრიობა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს და რუსეთი, როგორც ყოველთვის, აქაც გამონაკლისია. “რუსეთი, როგორც ყოველთვის, სეპარატისტულად აღნიშნავს ამ დღესაც და ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს ზეიმობს. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობა ცივილიზაციის გამარჯვებას ზეიმობს სიბნელეზე, ადამიანურობის გამარჯვებას ფაშიზმზე, ყველაზე მახინჯზე, თუ რამე შეუქმნია კაცობრიობას თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში”, – აღნიშნა ვაშაძემ.

“8 მაისს მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავს, 9 მაისს საბჭოთა იმპერია აღნიშნავდა თავისი გამარჯვების წლისთავს, როდესაც მან აიღო პრაღა და გაიძლიერა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო ბუნებრივია, აღვნიშნოთ ეს დღე სწორედ 8 მაისს და არა 9 მაისს,”- ამბობს პოლიტოლოგი  გია ნოდია პალიტრასთან საუბარში.

9 მაისს დღესასწაულის აღნიშნვნა უაზრობად მიაჩნია “თავისუფლების ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარეს, ლევან რამიშვილსაც. ლიბერალთან საუბარში ის ამბობს, რომ “9 მაისის აღნიშვნა შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნებისა და საბჭოური დღესასწაულის რესტავრირების შედეგად აღდგა. ჩემი აზრით, 9 მაისის აღნიშვნა უაზრობაა. რატომ უნდა აღვნიშნოთ ეს თარიღი, ან რა უნდა აღვნიშნოთ ამ დღეს? მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა საქართველოს ომი. საქართველო ამ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო. ის იყო ოკუპირებული ბოროტების იმპერიის მიერ.”

დღევანდელ დღეს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქშიც, წითელ მოედანზე, გამარჯვების 67-ე წლისთავს სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი