ახალი ამბები

მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულამდე არ მიაღწევს

8 მაისი, 2012 •
მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულამდე არ მიაღწევს

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არც დღეს და არც უახლოეს დღეებში საქართველოს მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულს არ მიაღწევს:

“მსგავსი სიტყვა და ფრაზა საშიში ნიშნული ჩვენ არ გვიხსენებია, გავიმეორებ იმ პროგნოზს, რაც ნავარაუდევია. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა პატარა მდინარეებსა და ხევებში შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს, რომელიც გაზაფხულისთვის დამახასიათებელია და ამაში ახალი არაფერი არ არის. არანაირი საშიში ნიშნული, მით უმეტეს, დიდ მდინარეებში. გაზაფხულს თან სდევს წყალდიდობა, რომელიც თოვლის დნობითაა გამოწვეული, ეს პროცესი მარტის ბოლოს უკვე დაწყებულია და ახლა პირიქით, ბოლოსკენ მიდის, ანუ წყალდიდობების პერიოდი მთავრდება”, – განაცხადა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ქეთევან წიკლაურმა.

სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე დღე შესაძლოა ძლიერი წვიმები იყოს, თუმცა 10 მაისიდან, სავარაუდოდ, გამოიდარებს და არც წყალმოვარდნებისა და ნიაღვრების საფრთხე აღარ იქნება.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მდინარეებში წყლის დონე საშიშ ნიშნულამდე მიაღწევს, რამდენიმე დღეა სააგენტოები ავრცელებენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი