ახალი ამბები

ექსპერტის თქმით, ქობულეთში გარდაცვლილი პატიმარი ნაცემი არაა

4 მაისი, 2012 •
ექსპერტის თქმით, ქობულეთში გარდაცვლილი პატიმარი ნაცემი არაა

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორი“–ს ხელმძღვანელი  ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი პატიმარი, რომლის შესახებაც 3 მაისს გავრცელდა  ინფორმაცია, ნაცემი არაა. 

ამ განცხადებას გეჯაძე გარეგანი ვიზუალური დათვალიერების შედეგად აკეთებს. მან გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის ცხედარი გუშინ დაათვალიერა. 

ქობულეთში დამოუკიდებელი  ექსპერტი “ქართული ოცნების” საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენელმა ბესო კურტანიძემ ჩაიყვანა. 

გეჯაძე აცხადებს, რომ  პატიმრის ცხედარს ვიზუალური ექსპერტიზა გარდაცვლილის მეუღლის თანხმობის საფუძველზე ჩაუტარა. 

“ 3 მაისის დათვალიერების შედეგად გარდაცვლილს არ აღენიშნება წამების, ან ფიზიკური ძალადობის რაიმე ნიშანი. ის დაჟეჟილობები, რომელიც ოჯახს ძალადობის კვალი ეგონა, ეს არის კანის მთლიანობის დარღვევა, ე.წ. ნაწოლები, რომელიც დიდი ხნის წოლის, 2-3 კვირის შემდეგ ვითარდება”, – აღნიშნა გეჯაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში. 

მისივე განმარტებით, “როგორც წესი, ნაწოლები თითქმის არ ვითარდება, თუ საქმე არ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფობასთან, ან ცუდ მოვლასთან”. 

დამოუკიდებელ ექსპერტს არსებული კანონმდებლობით მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების უფლება აქვს, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები, რომლის ჩატარება სავალდებულოა ყველა პატიმრის გარდაცვალების შემთხვევაში, ცნობილი ერთ თვეში უნდა გახდეს. 

ბესო კურტანიძეს მიაჩნია, რომ პატიმარი არასათანადო მკურნალობის გამო დაიღუპა, რადგან ასეთი ნაწოლები არ უნდა ჰქონოდა. 

პატიმარს ქობულეთში ხვალ დაკრძალავენ. 

ზურაბ დელიანიძის გარდაცვალებაზე ინფორმაცია  და ფოტომასალა გუშინ გავრცელდა. ოჯახი აცხადებდა, რომ პატიმარი სასტიკად იყო ნაწამები. 

გახდა თუ არა პატიმარი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი – საბოლოდ ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

ამავე თემაზე:

არასამთავრობო ორგანიზაციები კალმახელიძის გათავისუფლებას მოითხოვენ

ომბუდსმენი კალმახელიძის უწყების თანამშრომელთა დასჯას ითხოვს

სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ვენერიულ დაავადებას ასახელებს

TSpress: “გარდაცვლილ პატიმარს წამების კვალი ეტყობა”





მასალების გადაბეჭდვის წესი