ახალი ამბები

EMC: პოლიციის მაღალჩინოსნები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ფიგურები

5 სექტემბერი, 2016 • 1460
EMC: პოლიციის მაღალჩინოსნები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ფიგურები

“პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ფიგურები,”- ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევაში – “პოლიტიკური ნეიტრალიტეტი პოლიციის სისტემაში”, რომლის პრეზენტაცია დღეს, 5 სექტემბერს გაიმართა.

კვლევისთვის პროექტის გუნდმა განსაზღვრა დაკვირვების/მონიტორინგის ოთხი ძირითადი მიმართულება: ფორმალური ტექსტების ანალიზი; საპოლიციო პრაქტიკის კვლევა; განწყობების კვლევა და საჯარო პოზიციონირების ანალიზი.

კვლევის თანახმად, დღეისათვის პოლიცია აღჭურვილია არაერთი სამართლებრივი ბერკეტით, რომელიც უშვებს თვითნებობის შესაძლებლობას და არ ექვემდებარება ადეკვატურ კონტროლს. ამავდროულად, როგორც წესი, კონკრეტული ღონისძიებების ადრესატები არ არიან აღჭურვილნი სრულყოფილი უფლებრივი გარანტიებით:

“ იმ ფონზე, როდესაც პოლიციის სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და რიგი ორგანიზაციული მოწყობის პრობლემების გამო მაღალია სამსახურის პოლიტიზების რისკი, ასეთი პრობლემური საპოლიციო ინსტრუმენტების არსებობა კიდევ უფრო ზრდის მათი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საფრთხეს. ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც არ ექვემდებარება ადეკვატურ შიდა თუ გარე კონტროლს და რომელიც სამართალდამცავს აძლევს თვითნებობის ან ძალაუფლების კანონგარეშე მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას, არის არა მარტო ხისტი საპოლიციო იარაღი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტიც, რადგან პოლიციის სისტემაში არასაკმარისია პარტიული პოლიტიკისგან გამიჯვნისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის კულტურა, რაც ხელმძღვანელი პირების საჯარო პოზიციონირებაშიც ხშირად გამოიხატება,” – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში EMC შემდეგ ძირითად ტენდენციებზე საუბრობს:
• კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა უშუალოდ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, მათი ლიდერებისა და აქტიური წევრების მიმართ ძალადობის სისტემური პრობლემა;
• მონიტორინგის პროცესში არ აღნიშნულა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში (აქცია/მანიფესტაციასა და სხვა) უხეში ძალის გამოყენებით პოლიციის ჩარევისა და მისი აღკვეთის ფაქტები;
• კვლევამ გამოავლინა პოლიციის მხრიდან მკვეთრად რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება ინდივიდუალური აქტივისტების/საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ;
• კვლევამ ასევე აჩვენა პოლიციის ინერტულობა და არაეფექტურობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობისას. როგორც წესი, ძალადობა კერძო პირების მხრიდან იყო გამოვლენილი და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებდა;

“მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებით ინტენსიური იყო ცალკეული ჯგუფების თანადროული თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე. მაგალითისთვის, 2015 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბერში რეგიონში დაესხნენ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს. თავდასხმების ქრონოლოგია, ხელწერა და მიმდინარეობა კონკრეტული ჯგუფის მიერ წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ძალადობაზე მიუთითებდა,”- აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული ფაქტების ანალიზი ერთიანობაში ქმნიდა შეფასების შესაძლებლობას, რომ პოლიცია არ იყო მოწოდებული, დროულად და ეფექტურად აღეკვეთა განვითარებული ძალადობის ფაქტები:

“მოეხდინა ძალადობრივი დაპირისპირების პრევენცია და შემდგომი სამართლებრივი რეაგირება. პოლიციის მხრიდან მსგავსი ინერტულობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო იმ დროს, როდესაც ძალადობა პოლიტიკურ ოპოზიციაზე მიემართებოდა. არასაკმარისი ჩარევისა და რეაგირების პირობებში კი ძალადობრივი აქტები არ შემცირებულა და შესაძლოა ამან ახალი ფაქტების პროვოცირებაც გამოიწვია.”
2016 წლის მარტში ინტერნეტში გავრცელდა ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები და ასევე მუქარა არაერთი პირის მისამართით. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კონტექსტში ამ პროცესმა შექმნა პოლიტიკურ გარემოზე არალეგალური მეთოდებით ზემოქმედებისა და საზოგადოების შანტაჟის რეალური საფრთხე:

“ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრები და კადრების გავრცელების მუქარა კიდევ ერთხელ მიუთითებს გამოძიების არაეფექტურობასა და დაუსჯელობის პრობლემაზე, რაც ახალისებს ახალ დანაშაულებს პირადი ცხოვრების დაცვის სფეროში,” – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევამ ასევე გამოკვეთა ის საპოლიციო ინსტრუმენტებიც, რომლებიც შინაარსითა და ფორმით პრობლემურ სამართლებრივ მექანიზმებს წარმოადგენს და პოლიციის ხელში თვითნებობისა და უფლებამოსილების გადამეტების რისკს ქმნის. როგორც კვლევის ფარგლებში ათი საქმის ანალიზმა აჩვენა, ასეთი საპოლიციო ინსტრუმენტებია:

ნარკოტესტირებაზე პირების თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაყვანა

კვლევაში მოყვანილია ნატა ფერაძის იძულებითი ნარკოტესტირების მაგალითი. ნატა ფერაძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 2016 წლის 7 მაისის გადაიყვანეს. ამ დღეს გამართული აქციაზე სამოქალაქო აქტივისტთა პროტესტი მიმართული იყო რამდენიმე პრობლემური საკითხისადმი: „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის გასხვისება და მერიის მიერ 30 ჰა მიწის აუქციონზე გატანა. თავად ნატა ფერაძემ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისათვის (EMC)“ განმარტებების მიცემისას აღნიშნა, რომ პოლიცია მოქმედებდა პოლიტიკური მოტივებით და მის დაკავებასა და ნარკოლოგიურ ტესტირებაზე გადაყვანას პროტესტის ჩახშობის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ბრძანებას უკავშირებს.

“პოლიციას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი ნარკოტესტირებაზე მისი გადაყვანისთვის. გარემოებების ასეთი თანხვედრა კი ბადებს განცდას, რომ ამ შემთხვევაში ნარკოტესტირებაზე გადაყვანა გამოყენებული იყო პროტესტის ერთ-ერთი ლიდერის იზოლაციისა და დისკრედიტაციისთვის, რაც, საერთო ჯამში, საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობის მიზანს ემსახურებოდა,” – აღნიშნულია კვლევაში.

ადმინისტრაციული დაკავების დაბალი სტანდარტებით გამოყენება

თვითმმართველი ერთეულის დამახინჯების მოტივით პოლიციის მიერ სამართლებრივი ღონისძიებების გამოყენების საკითხზე პროექტის გუნდმა ასევე ორი საქმე შეისწავლა. კვლევის ავტორების დაინტერესება აღნიშნული ორი საქმით დიდწილად განპირობებული იყო პოლიციის ქმედებების ადრესატებით და შინაარსით, რამაც პოლიციელთა ქმედებები განაპირობა.

2015 წლის 21 ნოემბერს ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის გამზირის შემაერთებელი ახალი გზის მიმდებარე ტერიტორიის კლდოვან ნაწილზე „რუსთავი2-ის“ მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული „თავისუფალი ზონის“ წევრების გათავისუფლების მოთხოვნით ბანერი ჩამოკიდეს წარწერით: „თავისუფლება ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს, კახა გაბუნიას!“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, 2015 წლის 21 ნოემბერს 08:20 საათზე, ქ. თბილისში გიორგი რუხაიას დაკავების საფუძვლად მითითებულია მის მიერ დაუდგენელ პირებთან ერთად საამისოდ გამოუყოფელ ადგილას თვითნებურად პლაკატის განთავსება და იერსახის დამახინჯება.

“ვინაიდან სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გიორგი რუხაიას მიერ ასკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევა, სასამართლოს აღარ უმსჯელია, წარმოადგენს თუ არა ბუნებრივ კლდოვან ნაწილზე ბანერის გადმოფენა თვითმმართველი იერსახის დამახინჯებას. ასევე არ გამხდარა მსჯელობის საგანი, ვიდეოკამერით კონკრეტული ქმედების/ფაქტი აღბეჭდვა რამდენად წარმოადგენს ამ ქმედებაში უშუალო მონაწილეობას, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება.”

კვლევის თანახმად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი რუხაიას დაკავება მოხდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რადგან   სამართალდამცავებს აღნიშნული იძულების მექანიზმის გამოყენების უფლება მოცემულ შემთხვევებში არ ჰქონდათ.

წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ფართოდ განმარტება და სხვა

2015 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის „Stop Russia“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ტაბულას“ გენერალური პროდიუსერი ალექსი მაჭავარიანი დააკავეს. დაკავებული იყო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენელი, ხოლო აქციის, „Stop Russia”-ს ფარგლებში დემონსტრანტები მმართველი პოლიტიკური ძალისგან მოითხოვდნენ აბაშიძისა და კარასინის პირისპირ საუბრის შეწყვეტას, მოსკოვთან ყველა მოლაპარაკების წარმართვას მათი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით და პარლამენტის მიერ კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებას. კვლევაში მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, საქმეში მონაწილე პოლიციელების განმარტებით, ალექსი მაჭავარიანმა თავისი ქმედებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხელი შეუშალა ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას სავალ ნაწილზე, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, სასცენო მოწყობილობით დატვირთული სატვირთო ავტომანქანის მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა. სამართალდამცავები სასამართლო სხდომაზე მიუთითებდნენ, რომ წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენდა ალექსი მაჭავარიანის მიერ ნათქვამი ფრაზა – „სამარცხვინო პოლიცია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ საქმეზე არ დადგინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი.

“პროტესტის ინიციატორები და მათი ორგანიზაციული თუ პარტიული  კუთვნილება, ასევე პროტესტის ადრესატები და საკითხების პოლიტიკური სიმწვავე, ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ პოლიციის მხრიდან მათ ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების თვითნებური და არამიზნობრივი გამოყენება ამ საქმის პოლიტიკური სენსიტიურობით იყო განპირობებული,” – წერია კვლევაში.

კვლევის ანალიზის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელები პოლიციის დეპოლიტიზაციაში ძირითადად პოლიციის, როგორც სამთავრობო რესურსის, პარტიულ-პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე უარის თქმას გულისხმობენ, თუმცა, ავტორების განცხადებით, პოლიციის რესურსის პარტიული ინტერესებისათვის გამოყენებაზე უარის დეკლარირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფაქტობრივ დონეზე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, რადგან აღნიშნული პრინციპი არაა გამყარებული შესაბამისი ინსტიტუციური გარანტიებით.

“ ამავდროულად, კვლევის ფარგლებში განხილულმა რამდენიმე საქმემ აჩვენა, რომ პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული ფიგურები,” – აღნიშნულია კვლევაში.

წარმოდგენილი ანგარიში, კვლევის მეთოდოლოგიისა და მისი შეზღუდვების გათვალისწინებით, არ ფარავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის საკითხებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. პროექტის გუნდს არ უწარმოებია დაკვირვება უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე:

“ ამ უწყების განსაკუთრებული დახურულობა, გარე კონტროლის მექანიზმების არარსებობა, საპარლამენტო ზედამხედველობის სისუსტე, სამსახურს ადეკვატური კონტროლის გარეშე ტოვებს. სუს-ის საქმიანობას მუდმივად თან სდევდა შეკითხვები პოლიტიკურ კლიმატსა და პოლიტიკურ პროცესზე მათი შესაძლო ზეგავლენის შესახებ. დიდწილად აღნიშნული შეკითხვები ამ ორგანოს ბუნდოვანი უფლებამოსილებებიდან მომდინარეობდა. განსხვავებით უსაფრთხოების სამსახურის სხვა დანაყოფებისგან, სუს-ის ფუნქციები კონკრეტული სპეციფიკით ახლაც არ არის განსაზღვრული. ახლად შექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დამატებით შესწავლას და დაკვირვებას საჭიროებს. “

კვლევის ავტორების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დარჩენილ სამსახურებს შორის დღემდე არსებობს კომპეტენციების დუბლირებები, ხოლო რიგი სამსახურები ერთდროულად ასრულებენ ერთმანეთთან შეუთავსებელ ფუნქციებს:

“ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც წარმოადგენს საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების ერთ-ერთ სახეს, თუმცა პრაქტიკაში აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებენ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ისე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თუ სხვა ორგანოები. არსებობს შემთხვევები, როდესაც ეს საპოლიციო ღონისძიება ტარდება ნიღბიანი და სპეციალური აღჭურვილობის მქონე სამართალდამცავების მიერ, რაც ასევე შეუთავსებელია საპოლიციო პრევენციის ბუნებასთან. კომპეტენციების დუბლირება ართულებს პოლიციის საქმიანობის კანონიერებაზე დაკვირვებას, რაც, საბოლოო ჯამში, პოლიციის თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი