დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერები ზუგდიდში ჩავიდნენ. ამ წუთებში ისინი შეხვდრას მართავენ კულტურის სახლში ადგილობრივ აქტივისტებთან.
დღეიდან “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი ალასანია სამეგრელოდან გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას.
ალასანიას განცხადებით, დღეიდან სამეგრელოში შიში აღარ იარსებებს, ისევე როგორც აღარ იარსებებენ კლანები, რომლებიც დააშინებენ მოსახლეობას.
“დღეიდან დაიწყო ერთპარტიული მმართველობის დასასრული ქვეყანაში”, – აცხადებს ალასანია.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მადლობა გადაუხადა შეკრებილებს იმისათვის, რომ “ზოგიერთი საჯარო მოხელის მიერ დადებულმა ნაღმმა და გამოცხადებულმა საგანგებო ვითარებამ” არ შეაშინა ისინი და დაესწრნენ დღევანდელ შეხვედრას.
ზუგდიდში დღეს დილით შსს-ს ცნობით აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერება, რის გამოც ერთი პირია დაკავებული, თუმცა ამ პირის ვინაობა შსს-ს ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია.
ზუგდიდის კულტურის სახლში დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან კოალიაცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები: მანანა კობახიძ, გოგა ჟვანია, ზვიად ძიძიგური, კახა შარტავა.
დღესვე კოალიაცია “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად სერგო ჩაჩიბაია დაინიშნა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ჩაჩიბაია ზუგდიდში 25 მარტს ერთ-ერთ ავტოსერვისთან ოთარ ქეცბაიასთან სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად დააკავეს. მას ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სერგო ჩაჩიბაიას საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 8 მაისს დაიწყება.