ქართულ სადაზღვევო ბაზარზე უმსხვილესი გარიგების შედეგად, ალდაგი ბისიაი ჯანდაცვის ბიზნესში მონოპოლისტი გახდება.
გარიგება სადაზღვევო ბაზარზე ალდაგი ბისიასა და იმედი ელის შორის მიმდინარეობს, რის შემდეგაც სადაზღვევო კომპანიები საბოლოოდ გაერთიანდებიან.
ამ დროისთვის ალდაგი ბისიაი უკვე ფლობს იმედი ელის აქციათა 85 %-ს და როგორც მხარეები აცხადებენ, დანარჩენ 15 % -ზეც კომპანიებს შორის მოლაპარაკებები იმართება.
როგორც ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორი, ნიკა გამყრელიძე ამბობს, გაერთიანების შედეგად მნიშვნელოვნად გამსხვილდება ალდაგი ბისიაის მფლობელობაში მყოფი ჯანდაცვის ბიზნესი, რის შედეგადაც ალდაგი ბისიაის ჰოსპიტალების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 26- ს მიაღწევს (1200 საწოლით).
ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2011 წლის მესამე კვარტლის მონაცემით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი ბაზრის 17.1 %–ს ფლობს, ხოლო იმედი ელი- 16.3 %-ს.
მხარეები კომპანიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ გამკაცრებული რეგულაციების პირობებს უკავშირებენ.
“გამკაცრებული რეგულუციების პირობებში, რაც ასეც უნდა იყოს, კომპანიების გაკოტრების რისკისგან მომხმარებელები მაქსიმალურად უნდა უყვნენ დაცულები,”–ამბობს ნიკა გამყრელიძე.
როგორც ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორი აცხადებს, ამ ეტაპზე ორივე კომპანია ჩვეულ რეჟიმში, ცალ –ცალკე მუშაობს, თუმცა საბოლოო შერწყმის შედეგად არ გამორიცხავს კომპანიების ოპტიმიზაციას ორივე კომპანიის ხარჯზე.