ახალი ამბები

ჩუგოშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავს

5 სექტემბერი, 2016 • 1156
ჩუგოშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა წინასაარჩევნოდ პროვოკაციებს გეგმავს

“ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს.  ამის შესახებ მანდ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ეს ბრალდება სასაცილოა.

თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, “ქართული ოცნების” მიზანია საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, თუმცა, მისი მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციებს გეგმავს:

“სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს.”

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლებმაც შესაძლოა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს.

„ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდად ხდება პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს,” – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ, რომ კორცხელის ინციდენტის” ავტორებისგან ასეთი განცხადების გაკეთება სასაცილოა:

“გაიხსენეთ, ბოლო წლის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე მასიური თავდასხმები, ჩვენს შეხვედრებზე მივარდნები. გაიხსენეთ, მერამდენე ანონსია, ჯერ საბურავებს ვაგროვებდით, ახლა ეს. მგონი,  “ქართული ოცნების” გარდა, აღარავის სჯერა. გასაგებია, რომ თამარ ჩუგოშვილს ამის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ იქნებ “ქართულ ოცნებაში” ყველამ გააცნობიეროს, რომ ხელისუფლებაში არიან და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ,” – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი