სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავი დაახლოებით ერთი კვირის წინ მოიკლა. როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულს სუიციდის მცდელობა მანამდე რამდენჯერმე ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.
მკვლელობა 10 ივლისს მოხდა. ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ამავე სოფელში, ვაჩიანში დააკავეს.