ახალი ამბები

კახა კალაძე: ერთი თვე საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობა პარტიების პროგრამებს გაეცნოს

2 სექტემბერი, 2016 • 1801
კახა კალაძე: ერთი თვე საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობა პარტიების პროგრამებს გაეცნოს

საქართველოს ვიცეპრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საარჩევნო პროგრამას უახლოეს პერიოდში წარმოადგენს. კალაძის  აზრით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი 36 დღე საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობამ სრულად ნახოს ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, დაპირებები, ქვეყნის განვითარების გეგმა და არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ხვალ ქვეყნის ხელისუფლებაში.

“საარჩევნო პროგრამას, თუ რა გვაქვს დაგეგმილი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ ვხედავთ ქვეყნის განვითარებას და ასევე, საპარლამენტო სიას – თუ ვინ იქნება სიის შემადგენლობაში – ეს ყველაფერი არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. რვა სექტემბერია ბოლო ვადა სიის წარდგენისა და, შესაბამისად, ამ ყველაფერს საზოგადოება გაიგებს. დაგვიანებული არაფერი არ არის, რადგან შეუძლებელია ქვეყანაში ექვსი თვის განმავლობაში, ოთხი თვის განმავლობაში აწარმოო საარჩევნო კამპანია, რადგან მოსახლეობა ამით იღლება. თან ზაფხულია, ხალხი დასასვენებლად იყო. ერთი თვე, ვფიქრობ, საკმაირისა იმისათვის, რომ მოსახლეობამ სრულად ნახოს ყველა პარტიის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, დაპირებები, ქვეყნის განვითარების გეგმა და არჩევნების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება ხვალ ქვეყნის ხელისუფლებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს, 2  სექტემბერს, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში.

მისივე აზრით, პროგრამა არ არის მხოლოდ არარეალური დაპირებები და ერთი საარჩევნო სლოგანი:

“როგორც, მაგალითად, “მილიონი სამუშაო ადგილი”, “მილიონი კბილი” ან “მილიონი სოციალურად დაუცველი”. ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია, რომ გამართული პროგრამა გვქონდეს. დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, 4 წლის განმავლობაში თუ რის გაკეთებას აპირებს პარტია “ქართული ოცნება” და ეს უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი”, – ამბობს კალაძე და აღნიშნავს, რომ  “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი