შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ვაკეში მამაკაცი ჩაცხრილეს, ასევე, დაჭრილია პირი, რომელიც მოკლულთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული, 35 წლის ბ.ნ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 37 წლის ს.ჯ.-ს და 34 წლის ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – გადაყვანილია საავადმყოფოში,”- აცხადებს შსს.
შემთხვევა ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის კუთხეში მოხდა. მამაკაცი, რომელიც ჩაცხრილეს, ავტომობილში იმყოფებოდა.
რუსთავი 2-თან საუბრისას თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ მამაკაცმა 5-6-ჯერ გაისროლა შუქნიშანთან გაჩერებული ავტომობილის მიმართულებით, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირისკენ გაიქცა.
“ვინც, სავარაუდოდ, ალბათ დაღუპულია, ეს საჭესთან იჯდა. მგზავრი დაჭრილია და წაიყვანეს. ერთი ბიჭი იყო, რომელმაც პირდაპირ ესროლა რამდენიმეჯერ და გაიქცა,”- ამბობს თვითმხილველი რუსთავი 2-თან საუბრისას.