საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა სკოლის შესასვლელთან აქცია გამართეს და დირექტორი ნოდარ გოგატიშვილი სკოლაში არ შეუშვეს.
მშობლები მოითხოვენ, რომ სკოლამ საქველმოქმედო ორგანიზაცია “ატუსთან” ხელშეკრულება კვლავ გააფორმოს.
აქციის მონაწილის, ერთ–ერთი მოსწავლის მშობლის გაგა დემეტრაშვილის განცხადებით, ჭორვილას საჯარო სკოლა ყოველთვის აფორმებდა ხელშეკრულებას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ატუსთან”, რის საფუძველზეც პირველიდან ბოლო კლასამდე მოსწავლეები უფასოდ იღებდნენ სასწავლო წიგნებსა და სასკოლო ფორმებს.
“მთლიანად, პირველი კლასიდან დაწყებული ბოლო კლასამდე, სკოლას ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული ასოციაცია “ატუსთან” და სასწავლო წლის დასაწყისში საჩუქრად მოსწვლეები იღებდნენ როგორც სასკოლო ფორმებს, ასევე სასწავლო წიგნებს უფასოდ. თუმცა აქ პოლიტიკური მოტივი იკითხება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილისაა, ისინი არ წერენ მოთხოვნას, რომ ჭორვილას საჯარო სკოლის ბავშვებმა წიგნები და ფორმები მიიღონ უფასოდ. სკოლაში დადიან ბავშვები სასკოლო ფორმით, საუკეთესო ფორმაა, უფასოდ იღებენ წიგნებს და სკოლა სკოლას ჰგავს, მასწავლებელი და მოსწავლე განსხვავდებიან ერთმანეთისგან”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი და აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოსგან ამ მხრივ ასეთი შეღავათი არაა.
აქციის მონაწილეებიის განცხადებით, იმისათვის, რომ სექტემბრისთვის მოესწროს მოსწავლეების ფორმების ზომების აღება, საჭიროა ხელშეკრულება ახლა გაფორმდეს.
“ეს ხელშეკრულება ახლა უნდა დაიწეროს. პირველკლასელებიც ახლა უნდა დარეგისტრირდნენ, რომ სექტემბრისთვის მოესწროს ფორმებისთვის ზომების აღება. თუ ახლა არ გაკეთდა, თავისთავად, ვეღარ მოხერხდება ამის გაკეთება”, – აღნიშნავს მოსწავლის მშობელი.
აქციაზე იმყოფებოდა 12 იანვარს ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგი ნონა ტყემალაძეც, რომელიც თავის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელმოწერას უკავშირებს.
“დღეს დილით მოგვმართეს მშობლებმა, რომ ისინი მართავენ აქციას და სკოლის დირექტორს ჭორვილას საჯარო სკოლაში არ უშვებენ. ჭიშკარი გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ სკოლის დირექტორსგან, რომ ის დახმარება, რაც ბავშვებს ეძლეოდათ და უკეთდებოდათ, კვლავ გაგრძელდეს”, – აღნიშნა პედაგოგმა ნონა ტყემალაძემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სკოლის დირექტორს აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული პასუხები არ აქვს.
“დირექტორი ვერ გვცემს კონკრეტულ პასუხს. აქ არის ჩვენთან. ამბობენ, რომ ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ, ვერც საჩხერის რესურსცენტრი და ხელს იშვერენ ზევითკენ”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარსი აქციის მონაწილე.
“ნეტგაზეთი” ჭორვილას საჯარო სკოლის დირექტორ ნოდარ გოგატიშვილსაც დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ იმართება სკოლასთან აქცია და რატომ არ აფორმებს ის ხელშეკრულებას “ატუს”–თან, დირექტორმა უპასუხა: “მესმის, კი ბატონო, მაგრამ, ხომ მაქვს უფლება, რომ არ ვუპასუხო. შესაბამისად, თავს ვიკავებ პასუხის გაცემისგან”.