ახალი ამბები

მაკა ასათიანის პოზიციას ადვოკატი ხვალ გააჟღერებს

30 აპრილი, 2012 •
მაკა ასათიანის პოზიციას ადვოკატი ხვალ გააჟღერებს
ხვალ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია საზოგადოებას მაკა ასათიანის პოზიციას გააცნობს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, შპს “აკა”-ში (“მერსედესის” წარმომადგენლობა საქართველოში)  კუთვნილი წილიდან მაკა ასათიანს, სალომე ასათიანს და ლუიზა თავართქილაძეს 20% მოსარჩელე ბორის კალანდიას სასარგებლოდ ჩამოერთვათ.

სასამართლომ გადაწყვეტილება 2012 წლის 27 აპრილს გამოიტანა და მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

“ჩემი პროგნოზებიც ასეთი იყო და სიმართლე რომ ვთქვა, სხვა გადაწყვეტილებას არც ველოდი. სამწუხაროდ, ალბათ, ინსტანციების გავლის შემდეგ სტრასბურგში კიდევ ერთი საჩივრის წარდგენა მოგვიწევს. მაკა პირდაპირ უკავშირებს გადაწყვეტილებას თავის აქტივობას “მაესტროსთან” დაკავშირებით. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სასამართლოს სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, ობიექტური და სწორი”, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

2012 წლის 22 თებერვალს ზემოთ აღნიშნულ პირებს ასევე 20%–იანი წილი ჩამოერთვათ ყოფილი პარტნიორის, დავით ძოწენიძის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა.

დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

მოსარჩელე დავით ძოწენიძის ადვოკატი ლადო სანიკიძე გადაწყვეტილების გასაჩივრების აზრს ვერ ხედავს:

“ყველას აქვს უფლება, სააპელაციო სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, თუმცა ამით, ერთადერთი, დროს გაწელავენ და მეტი არაფერი. მე, როგორც ადვოკატი და როგორც იურისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში სამართლებრივად და კანონიერად ვერანაირ გზას ვერ ვხედავ იმისა, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს და თუ რამე შეიცვალა, ეს იქნება მართლა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განაცხადა სანიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი