ახალი ამბები

თავდაცის რეზერვი, თუ სახალხო ლაშქარი?

30 აპრილი, 2012 •
თავდაცის რეზერვი, თუ სახალხო ლაშქარი?

საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი რვაგვერდიანი დოკუმენტია, რომელიც მთავრობის პოლიტიკას განსაზღვრავს თავდაცვის რეზერვის სისტემის ფორმირებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

კონცეფციის პროექტის შესაბამისად, თავდაცვის რეზერვი, მასზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, ორ კატეგორიად იყოფა:

სახმელეთო ჯარების რეზერვის (შემდგომში თავდაცვის ძალები)  ძირითადი ამოცანაა საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში, მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა. ასევე, ისინი მოახდენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებას საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყოველივე კი განხორციელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით.

მეორე კატეგორიაა ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა საომარი მოქმედებების დროს სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე. საჭიროების შემთხვევაში კი, ის დაეხმარება სახმელეთო ჯარების რეზერვს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია განმარტავს, რომ კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

კონცეფციის შესაბამისად, სახმელეთო ჯარების სარდლობა ახორციელებს სახმელეთო ჯარების რეზერვის საბრძოლო მომზადებას და მართვას, რომელიც კომპლექტდება სავალდებულო ან/და ნებაყოფლობით გაწვევის პრინციპით, ხოლო ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი (ტერიტორიული თავდაცვის დეპარტამენტი) ახორციელებს ტერიტორიული თავდაცვის საბრძოლო მომზადებას და მართვას, რომელიც კომპლექტდება ნებაყოფლობითობის საფუძველზე.

“ამ შემთხვევაში მართვის ძირითადი ფუნქცია ექნება ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ იყოს მოქნილი სისტემა, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ზუსტად მოხდეს რეაგირება და მაქსიმალურად ეფექტურად იყოს ყველა რესურსი გამოყენებული”, – აღნიშნავს ქუთელია.

სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ საჭიროა მოხდეს ცნებების ზუსტი განმარტება უშიშროების საბჭოს კონცეფციაში:

“ბოლოს და ბოლოს, ყველა ცნებას უნდა ჰქონდეს თავისი სახელი. რეზერვი – ეს არის ფართო ცნება, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება აქვს. რეზერვი შეიძლება იყოს დანაკარგების შევსებისთვის, რეზერვი შეიძლება იყოს კადრირებული ქვედანაყოფებისთვის. რომელი ფორმითაც ახლა ყალიბდება ტერიტორიული რეზერვი, არის ცალკე ჯგუფები. ამიტომ ეს უფრო სახალხო ლაშქარია, ვიდრე რაიმე ფორმის რეზერვი. აქედან გამომდინარე, ბოლოს და ბოლოს, ჩამოვყალიბდეთ და დავარქვათ მას სახალხო ლაშქარი, ან ეროვნული ლაშქარი.  შესაბამისად, უნდა გაჩნდეს ეს ცნება და აღარ ავურევთ რეზერვისტს, რეზერვს  და ა.შ ერთმანეთში. ასევე, მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი მისი ფუნქციები და სტრუქტურები, თუ როგორ იმოქმედებენ”, – აღნიშნავს თავდგირიძე.

გიორგი თავდგირიძემ ვეტერანების ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება:

“არსებული რეალობიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, მოხალისეობის პრინციპით შეიქმნას 6 ბატალიონი და ის დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომელთაც ვეტერანის კატეგორია აქვთ“.

აღნიშნულ განცხადებას მიესალმება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე:

“მივესალმები მათ სურვილს, რომ შესაბამის სიტუაციაში კვლავაც დაიცვან თავისი სამშობლო. დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთი სურვილი ამ ხალხს მასობრივად გააჩნია და ამისთვის დიდი მადლობა მათ”, – აღნიშნავს თარგამაძე.

ფრაქცია “ქრისტინ–დემოკრატების” წევრის ნიკოლოზ ლალიაშვილის თქმით, თუკი რაიმე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, პირველ რიგში, ეს ეხება რეზერვს, რადგან “რეზერვი არის ის სტრუქტურა, რომელიც პრაქტიკულად შუალედურ როლს ასრულებს მოსახლეობასა და შეირაღებულ ძალებს შორის და აქ ნებისმიერი სახის პოლიტიკური მანიპულაციები არის დამანგრეველი და სახიფათო ქვეყნისთვის.”

ლალიაშვილი მოითხოვს საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას რეზერვის საპილოტე პროექტის ხარჯებისა და ამ პროექტის შესაძლო კავშირის შესახებ ირაკლი ალასანიას განცხადებასთან სამეგრელოში შეიარაღებული გასამხედროებული ჯგუფების არებობის თაობაზე.

ხელისუფლება მთლიანად გამორიცხავს რეზერვის პოლიტიზების საკითხს. თავდაცვისა და უშიშრობეის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დასავლეთ საქართველოში უკანონო ფორმირებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას მხრიდან გაკეთებული განცხადება შეაფასა, პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც სიბეცე, ქვეყანასთან მიმართებაში, როგორც მავნებლობა, ხოლო ადამიანური თვალსაზრისით – არაკაცობად.

ხოლო ბათუ ქუთელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალასანიას მიერ დასახელებული ჯგუფები ბუნებაში არ არსებობს.

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდება, მსჯელობა ნატო–საქართველოს კომისიის ფარგლებში გაგრძელდება, რათა კონცეფცია შესაბამისობაში მოვიდეს ნატოს მოთხოვნებთან.

კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ რეზერვის სისტემის კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი