ახალი ამბები

გაგზავნეს თუ არა ბაგა-ბაღებში კითხვარები მასწავლებლების პოლიტიკური კუთვნილების გამოსარკვევად

1 სექტემბერი, 2016 • 2292
გაგზავნეს თუ არა ბაგა-ბაღებში კითხვარები მასწავლებლების პოლიტიკური კუთვნილების გამოსარკვევად

თბილისის ბაგა-ბაღებს გაუგზავნეს კითხვარები, სადაც სხვა ფინანსურ ინფორმაციასთან ერთად, ერთ-ერთი კითხვაა, არის თუ არა პირი პოლიტიკურად აქტიური. ამ ინფორმაციას ბაგა-ბაღების სააგენტოშიც ადასტურებენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს კითხვა შედიოდა ფინანსური ინფორმაციის შესახებ ანკეტაში, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გაეკეთებინათ თიბისი ბანკის ანგარიშები ბაგა-ბაღების მასწავლებლებისთვის.

გიორგი ონიანის თქმით კი, ამ კითხვარით მერია ცდილობს გაარკვიოს ბაგა-ბაღის ყველა მასწავლებლის პოლიტიკური ორიენტაცია და გადაწყვიტოს, უნდა განახორციელოს თუ არა რეპრესიები  პოლიტიკურად არასასურველ მასწავლებლებზე.

“ბაღების სააგენტომ, მერიის თანხმობით, თბილისში ყველა საბავშვო ბაღის დირექტორს გაუგზავნა ე.წ. რეესტრი, რომელიც უნდა შეევსოთ და, შესაბამისად, ვისკენ იყო მისი პოლიტიკური ორიენტაცია მიმართული…  ამ ყველაფერს მიეცა ისეთი ფორმა, რომ მასწავლებლებისთვის უნდა დაემზადებინათ თიბისი ბანკის ახალი ბარათები,“- განაცხადა გიორგი ონიანმა.

იმას, რომ თიბისი ბანკში ანგარიშის გასახსნელად კითხვარები მართლაც გაეგზავნათ ბაგა-ბაღებს, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში და თიბისი ბანკშიც ადასტურებენ. თუმცა, როგორც ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, კითხვარის შედგენაში სააგენტოს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია და ეს თიბისი ბანკის კითხვარია. მათივე განმარტებით, ბაგა-ბაღების მასწავლებლები თიბისი ბანკის მომსახურებაზე გადადიან და ამ კითხვარების შევსება სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

როგორც თიბისი ბანკში, ასევე ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ მცდარია პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული შეკითხვის ფორმულირება.

ამონარიდი სახელფასო განაცხადის ბლანკიდან, რომელიც ნეტგაზეთს თიბისი ბანკმა მიაწოდა

ამონარიდი სახელფასო განაცხადის ბლანკიდან, რომელიც ნეტგაზეთს თიბისი ბანკმა მიაწოდა

იმის გადასამოწმებლად, თუ რეალურად რა კითხვებს უპასუხეს ბაგა-ბაღებმა, ნეტგაზეთმა ამ კითხვარის მოწოდება სთხოვა თიბისი ბანკს, ბაგა-ბაღების სააგენტოს, ნაციონალურ მოძრაობას და ერთ-ერთი ბაგა-ბაღის დირექტორს. ოთხივე მათგანის მიერ გადმოგზავნილ კითხვარებში სადავო კითხვის ფორმულირება შემდეგია: “მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიურ პირს”, პასუხის გასაცემად კი ორი ვარიანტია მოწოდებული, კი ან არა.

კიტხვის ფორმუირება იმ სახელფასო ბლანკში, რომელიც ნეტგაზეთს ბაგა-ბაღების სააგენტომ მოაწოდა. ანალოგიურია წერია ნაციონალური მოძრაობისა და ბაგა-ბაღიდან მოწოდებული ფორმულირებაც

კითხვის ფორმულირება იმ სახელფასო განაცხადში, ე.წ რეესტრში, რომელიც ნეტგაზეთს ბაგა-ბაღების სააგენტომ მოაწოდა. ანალოგიურია ნაციონალური მოძრაობისა და ბაგა-ბაღიდან მოწოდებული განაცხადების ფორმულირებაც.

თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის დირექტორმა, თეა თაბუკაშვილმა ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ არც მას და არც სხვა დირექტორებს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ.

“ეს გრაფა არ შემივსია და არც არავის შეუვსია, როგორც მე ვიცი. სხვა სვეტები შევავსეთ… მე ჩავთვალე, რომ ეს არ ყოფილა შესავსები და არც ყოფილა დირექტივა, რომ შეგვევსო,”- განაცხადა მან.

ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს ასევე უთხრეს, რომ გრაფა “მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიურ პირს” შესავსებად სავალდებულო არ იყო. თუმცა იმ გრაფას, რომელიც სააგენტოდან, ნაციონალური მოძრაობიდან და ბაგა-ბაღიდან გადმოგვიგზავნეს, არ ახლავს მითითება, რომ შესავსებად სავალდებულო არ არის. თიბისი ბანკის მიერ გადმოგზავნილ სახელფასო ანგარიშის გასახსნელად საჭირო სტანდარტულ კითხვარში არის მითითება, რომ ეს გრაფა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში უნდა შეივსოს.

თიბისი ბანკის განცხადებით, ეს კითხვარი, რომელიც ბაგა-ბაღებს გაეგზავნათ, არის სტანდარტული კითხვარი სახელფასო ანგარიშის გასახსნელად. მათივე განცხადებით, შეკითხვა პოლიტიკურად აქტიური პირის შესახებ გამომდინარეობს  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან.

კანონში ვკითხულობთ, რომ  მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (მაგალითად, კომერციული ბანკი) ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

ამავე კანონის თანახმად, პოლიტიკურად აქტიური პირია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი