საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამარლოში “კაბელების საქმეზე” სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.
“კაბელების საქმის” მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) არაკონსტიტუციურობაზეა საუბარი.
ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ამბობს, რომ ეს ნორმა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ნორმა ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად.
სწორედ 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო არიან მსჯავრდებული “კაბელების საქმეზე” თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის ‘სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს საქმე გასაჩივრებულის სააპელაციო სასამართლოში, ასევე, მოსარჩელეები 182-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამარლოშიც დავობენ.
“საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული – გაფლანგვა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ნორმა ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად.
გაფლანგვისთვის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ–ერთი დანაშაულისთვის, აუცილებელია ნათლად განისაზღვროს, მნიშვნელოვანია თუ არა ანგარების მოტივი გაფლანგვის ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაუდგენელია აღნიშნული მოტივით მოქმედება, პრობლემურია ქმედების გაფლანგვად კვალიფიკაცია.
ამ კონკრეტულ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოტივი გავლენას არ ახდენს ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებაზე.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი ან/და კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც იწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, უნდა იყოს განჭვრეტადი და უნდა იძლეოდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის წინასწარ შეცნობის შესაძლებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი კი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს, კერძოდ ბუნდოვანია, ანგარების მოტივი არის თუ არა აუცილებელი გაფლანგვის ჩადენისთვის.
ასევე, ქმედების გაფლანგვად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ნივთის ან ქონებრივი უფლების „გამგებლობის“ საკითხი. ამ კონკრეტული მოსარჩელეების ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში თანხა ჩაითვალა მსჯავრდებულების „გამგებლობაში“ არსებულად, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად არ დადგინდა, ჰქონდათ თუ არა მათ გაფლანგულად შერაცხული თანხის განკარგვის ან გამგებლობის უფლებამოსილება.
გაფლანგვის, როგორც დანაშულის ნორმატიული ბუნდოვანება გამყარებულია ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განვითარებული წინააღმდეგობრივი და არაერთგვაროვანი პრაქტიკითაც, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საჭიროებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს გაფლანგვის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის კონსტიტუციურობა, კერძოდ, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონისმიერების პრინციპს,”- აცხადებს ომბუდსმენი.