საქართველოს ლანდშაფტური რუკების პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ქვეყნის ლანდშაფტური რუკა ქართველმა მეცნიერებმა შექმნეს.
საქართველოსა და მისი რეგიონების დეტალური რუკები და შესაბამისი მონაცემთა ბანკი მსოფლიოში აპრობირებული, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა. მეცნიერების განცხადებით, ასეთი მასშტაბის, სიზუსტისა და დეტალურობის მქონე რუკა დღემდე შედგენილი არ ყოფილა. რუკებზე მოცემულია ინფორმაციები მდებარეობის, რელიეფის, გეოდინამიკური პროცესების, ნიადაგის, ლანდშაფტის სტრუქტურის, ატმოსფერული ნალექების, მცენარეული საფარისა და ტყის ტიპის შესახებ.
სამეცნიერო პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალი რუკები შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული და შემეცნებითი მიზნებისთვის. სულხან სისაურის თქმით, რუკები და შესაბამისი მონაცემთა ბაზა დააინტერესებთ სამშენებლო, საკადასტრო, სოფლის მეურნეობის, სატყეო, ტურიზმის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებს.
სამწლიანი სამეცნიერო კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 150 000 ათასი ლარით დაფინანსდა. პროექტი ”საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკა და გეოინფორმაციული სისტემა” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა.