ახალი ამბები

სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილი არ მივა

26 აპრილი, 2012 •
სამთავრობო საათზე ზურაბ ადეიშვილი არ მივა

სამთავრობო საათზე, რომელიც დღეს პარლამენტში უნდა გაიმართოს, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი არ მივა. ამის თაობაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, ადეიშვილი დედაქალაქში არ იმყოფება და იგი ამის გამო ვერ მივა პარლამენტში, ხოლო დანარჩენი ოთხი მინისტრი, პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, სამთავრობო საათზე გამოცხადდება.

სამთავრობო საათი დღეს ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” ინიციატივით იმართება. პარლამენტში მიწვეულია ხუთი მინისტრი –  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.

ფრაქციას “ერთობა სამართლიანობისთვის” 26 შეკითხვა აქვს სამთავრობო საათზე დაბარებულ ხუთ მინისტრთან. შეკითხვები ადრესატებთან უკვე გაგზავნილია.

სამთავრობო საათზე, რომელიც პარლამენტში 29 მარტს გაიმართა, იმავე ფრაქციის მოთხოვნით, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი იყვნენ დაბარებული, თუმცა პარლამენტში მხოლოდ მათი მოადგილეები გამოცხადდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი