„თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ წარმატებით გაართვას თავი უახლესი ტიპის ჯავშან-მანქანისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოშვებას, მაშინ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებობს საიმისო ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, დავიწყოთ თანამედროვე სტანდარტების მქონე ტრაქტორების გამოშვება,“ – ამის შესახებ დღეს „ახალი მემარჯვენეების“ პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქუთაისის ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პარტიის ლიდერები ქართული სოფლისთვის გამართული ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ბევრ სოფელში შეხვდნენ მოსახლეობას და ყველგან ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომელობაა.
„ჩვენ უკვე რამდენიმე ასული სოფელი შემოვიარეთ. ამ სოფლების უმეტესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან საგაზაფხულო სამუშაოების დროს ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა,“ – აცხადებს გამყრელიძე.
“ახალი მემარჯვენეების” აზრით, აღნიშნული ქარხნის აღდგენა, რომლის აქციების 62% სახელმწიფო საკუთრებაშია, არა მარტო აგრარული სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ – ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც:
„თუ ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს მოაგვარებს, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგრარული სფეროს განვითარებას. ამის შემდეგ, არსებული სპეციალისტების გარდა, ჩვენ მოვახდენთ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას და მათ დასაქმებას.”