ახალი ამბები | , , , , ,

ალექსანდრე ჯეჯელავა: პრობლემა არის გამოცდების სისტემაში და არა მასწავლებლებში

30 აგვისტო, 2016 | | 3666
ალექსანდრე ჯეჯელავა: პრობლემა არის გამოცდების სისტემაში და არა მასწავლებლებში

დღეს, 30 აგვისტოს, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების ნაჩვენებ შედეგთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 3941–დან მხოლოდ 31–მა გადალახა ბარიერი, განმარტებები გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ფიქრობს, რომ შედეგებთან დაკავშირებით პრობლემა საერთოდ არ აქვთ და ეს არის მხოლოდ კიდევ ერთი გამოცდის შედეგები. მისი თქმით, ნებისმიერი გამოცდა, რომლის ბარიერის გადალახვასაც მასწავლებლების 70, 80 და 90 % ვერ ახერხებს, არ არის კარგი გამოცდა. ჯეჯელავა ამბობს, რომ ეს უკვე აღარ არის პრობლემა, რადგან მასწავლებლებს ამ გამოცდების ალტერნატივას უკვე დაჰპირდა:

“გამოცდის საგნობრივი კომპეტენცია იქნება ბარიერის გადალახვის მხოლოდ ერთი მეთოდი. ასევე იქნება პედაგოგიკის და უნარების გამოცდა. ადრე იყო ეს და დავაბრუნებთ, ოღონდ ეს იქნება არჩევითი. ანუ მასწავლებლებს ექნებათ საშუალება, რომელიმე მიმართულებით წავიდნენ. ასევე გვექნება კრიტერიუმები, რასაც გამოცდას ვერ დავარქმევთ – ამ მეთოდში იგულისხმება მასწავლებლის სოციალური აქტივობა; ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობა იმისთვის, რომ ბავშვები უფრო მეტად დაამოტივირონ პროფესიული ორიენტაციის კუთხით, ქვეყნის პატრიოტიზმის ან დემოკრატიის კუთხით და ა.შ. ასეა ბევრ ქვეყანაში. ფაქტობრივად, ისევე როგორც სტუდენტი ირჩევს სპეციალობას, მასწავლებელიც ირჩევს მიმართულებას, თუ რომელი მიმართულებით წარიმართება მისი პროფესიული განვითარება. ასე ხდება ყველა ორგანიზაციაში. ერთი და იგივე კრიტერიუმით ვერ შევაფასებთ სხვადასხვა მიმართულებას – ჟურნალისტს ან მასწავლებელს. ამიტომ მასწავლებლების გამოცდების შედეგებში განსაკუთრებით ცუდი არაფერია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გამოცდების შეფასების ცენტრის ციფრებში ბევრია ისეთი ხალხი, რომელიც მასწავლებელი არ არის და უნდათ მასწავლებლობა. ისინიც შედიან ამ სტატისტიკაში და ასევე არის ხალხი, ვინც რამდენჯერმე სცადა ამ გამოცდის ჩაბარება, მაგრამ არ გამოსდით შედეგების გაუმჯობესება.”

ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ მასწავლებლებს ეს ალტერნატივები შემოდგომით უკვე ექნებათ ჩამოყალიბებული და ჩამოწერილი: “შესაბამისად, ზოგი ისევ გააგრძელებს საგნობრივი მიმართულებით მცდელობას, ზოგი აირჩევს სხვა ალტერნატივებს და მიმართულებებს.”

როგორც მინისტრი აცხადებს, პრობლემა არის გამოცდების სისტემაში და არა მასწავლებლებში. მისი თქმით, გამოცდა ასახავს მხოლოდ ერთ–ერთ ასპექტს მასწავლებლის პროფესიონალიზმის. მაგალითისთვის, მინისტრი მასწავლებლების პროფესიას ჟურნალისტების საქმიანობას ადარებს.

“წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი შევაფასოთ მხოლოდ შეკითხვების დასმით ან მხოლოდ ხატოვანი საუბრით. ეს მნიშვნელოვანია, განა არ არის, მაგრამ შეიძლება გვყავდეს ძალიან მაგარი ჟურნალისტი, რომელიც ცოტა აცაბაცად ლაპარაკობს, ან ცოტა მეტად აგრესიულია, ან ნაკლებად. ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებლები არიან ძალიან განსხვავებული. მე ვიხსენებ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც პირადად შევხვდი; ზოგიერთი მათგანი საგნის კუთხით იყო შეუცვლელი, ზოგი იყო ძალიან მაგარი აღმზრდელი და პედაგოგი, ზოგი იყო ძალიან მაგარი მოტივატორი ბავშვებისთვის და მათ შორის ჩვენთვის. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ყველა მიმართულება და ალტერნატივა მასწავლებელს გავუხსნათ პროფესიული განვითარებისთვის და ასევე კვალიფიკაციის ამაღლებისთვის,” – ამბობს განათლების მინისტრი.

მისი თქმით, დღეს საუკეთესო აღმზრდელი ფასდება მხოლოდ ერთი საგნის გამოცდით, რაც არის უსამართლობა: “იმიტომ, რომ აღმზრდელი უფრო გვჭირდება ხანდახან, ვიდრე საგნის მცოდნე. ეს გამოცდები გაიმართება მომავალშიც; ჩვენ არ უნდა წავართვათ მათ ალტერნატივა იმიტომ, რომ არიან მასწავლებლები, ვისაც ეს უნდა. ერთადერთი, საბოლოო შედეგის დადგომაში ეს იქნება მხოლოდ ერთ–ერთ კომპონენტი, რომელიც შედგება გამოცდებში. ეროვნულ გამოცდებში ერთ–ერთ საგანს როგორც ირჩევ, ისე იქნება მასწავლებლების გამოცდებიც.”

ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ძალიან კარგია და უნდა განვითარდეს.

“ყველა შეხვედრაზე ჟურნალისტები მეკითხებიან, როდის გვექნება საბოლოო სქემა, პასუხია – არასდროს. ყოველწლიურად შეიცვლება და განვითარდება ეს სქემა იმიტომ, რომ გარემო და ბავშვების საჭიროებები იცვლება. დღეს რასაც ჩვენ შემოვიტანთ და რა ალტერნატივებიც მოგახსენეთ, შემდეგ წელს შეიძლება აღარ ვარგოდეს და შევცვალოთ კიდევ უფრო პროგრესული რაღაცით. ამიტომ ეს სქმე კიდევ უფრო განვითარდება სკოლასთან ერთად და ეს პროცესი არასდროს დამთავრდება. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ცვლილებებს. სქემის მთავარი მუღამი ის არის, რომ მასწავლებელს აძლევს საშუალებას, რომ იშრომოს, სასარგებლო რაღაცები გააკეთოს და მიიღოს აღიარება, ჯილდო – გადავიდეს მეორე დონეზე. რომ გადახვალ შემდეგ დონეზე, კიდევ რაღაც კრედიტები გაქვს დასაგროვებელი ამ წოდების შესანარჩუნებლად. შესაბამისად, რაც ახლა ვთქვი, არ შეიცვლება არასდროს, მაგრამ კონკრეტულად რამდენ კრედიტს რაში მიიღებს და რა მეთოდით, ეს დაიხვეწება ყოველწლიურად. საგნის გამოცდა სავალდებულო იქნება, თუმცა არ იქნება ერთადერთი მეთოდი და შევთავაზებთ სხვა ალტერნატივებსაც,” – ამბობს ჯეჯელავა.

ნეტგაზეთის კითხვას, თუ რატომ გახდა მნიშვნელოვანი დღეს განათლების სამინისტროს მხრიდან საუბარი პროგრამების გადატვირთულობაზე და მასწავლებლებისთვის მიზანშეუწონლობაზე, თუ ამ პრობლემას მინისტრი უკვე დიდი ხანია ხედავს, ალექსანდრე ჯეჯელავა პასუხობს:

“დიახ, ორი თვის წინაც ვლაპარაკობდით ამაზე, მაგრამ არ ვიცი, რას გულისხმობთ. დღეს არ დაგვიწყია ამაზე საუბარი. სამი თვის წინ, მე რომ მოვედი, პირველივე ინტერვიუში ვთქვი, რომ ეს გამოცდები მიზანშეუწონელია, მეორე ინტერვიუში მოგახსენეთ, რომ ვიდეოგაკვეთლები არჩევით გავა და იმის მერე კვირა არ გავა, რომ არ ვისაუბროთ ამის შესახებ. გამოცდების არამიზანშეუწონლობა არის არასწორი ფორმულირება, გამოცდები მიზანშეწონილია. არამიზანშეწონილია, როდესაც მხოლოდ ამით ფასდება მასწავლებელი. ამიტომ გამოცდები ჩატარდება მომავალშიც, მათი შედეგები აუცილებლად გამოქვეყნდება იმიტომ, რომ დასამალი არაფერი გვაქვს. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახავთ, რომ მასწავლებლები ამ გამოცდების პარალელურად შეძლებენ, რომ ამ გამოცდების პარალელურად სხვა მიმართულებითაც გაიღრმავონ კვალიფიკაცია და მიაღწიონ ბარიერს და შემდეგ საფეხურებს.”

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, 2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ საგნის გამოცდაზე დაწყებითი (I-IV) კლასის 3941 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც გამოცდაზე 3024 გამოცხადდა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 31-მა გადალახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი