ახალი ამბები

სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება

30 აგვისტო, 2016 • 1561
სამინისტრო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება

“განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლიგიების დანერგვისა და ახალი სტანდარტების პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელშიც ჩართული არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“ცვლილებები გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას. პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა, საგნის გარდა, კოპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს. მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ. სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადატვირთული პროგრამები მასწავლებლებისთვის არამიზანშეწონილია. მით უმეტეს, ის გავლენას არ ახდენს არც მათ და არც მოსწავლეთა შედეგებზე. სწორედ ამიტომ, მომავალში დაგეგმილია მასწავლებელთა გამოცდების დახვეწა-გაუმჯობესებაც, რადგან სამინისტროს მიზანს მხოლოდ პედაგოგთა „გამოცდა-გაკონტროლება”არ წარმოადგენს. სამინისტრო დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველა პედაგოგს ინდივიდუალურად მიეცემა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი