Unicef-მა საქართველოს მასშტაბით კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც საქართველოს საბავშვო ბაღებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება იყო. წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ეროვნული კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით 2011 წელს ჩატარდა.
კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქართველოში არსებული 1277 ბაღიდან 554 ბაღი მონაწილეობდა (520 საჯარო, 34–კერძო). კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ბაღებში ბავშვთა ჰიგიენური ქცევა დამაკმაყოფილებელია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბავშვები ხელებს საპნით იბანენ ჭამამდე, ჭამის შემდეგ, სეირნობის შემდეგ და ყოველთვის, როცა ხელები ესვრებათ, თუმცა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საბავშვო ბაღებში პრობლემებია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.
საქართველოში საბავშვო ბაღების 44%–ს წყალი შენობის შიგნით შეყვანილი არ აქვს. იგივე მონაცემები სოფლის ბაღების შემთხვევაში 66%–ს შეადგენს. როგორც აღმოჩნდა საბავშვო ბაღების 3%–ში წყალი უსაფრთხო არ არის, კვლევის მიხედვით ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა სამეგრელო–ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში. ქალაქად საბავშვო ბაღების 97 % –ში სანიტარული წერტილები შენობის შიგნითაა განთავსებული, ხოლო სოფლად იგივე მაჩვენებელი შეადგენს 61.5% –ს. ეს ნიშნავს, რომ სოფლად არსებული საბავშვო ბაღების 35 %–ის აღსაზრდელები სარგებლობენ შენობის გარეთ არსებული ტუალეტით, რომელთა უმეტესი ნაწილი შენობიდან 15 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ყველაზე რთული მდგომარეობა გარე ტუალეტებთან დაკავშირებით კახეთში, რაჭა–ლეჩხუმში და მცხეთა–მთიანეთშია.
იუნისეფი საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სკოლამდელი განათლების მომსახურება უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს გრძელვადიან განვითარებაში, რადგან ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებთა ყოვლისმომცველმა შეფასებამ, რომელიც 2007 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებათა 80%-ზე მეტი მნიშვნელოვან რეაბილიტაციას, ხოლო მათი 24% სასწრაფო რემონტს საჭიროებდა და არ გააჩნდა ისეთი აუცილებელი პირობები, როგორებიცაა: გათბობა, გადახურვა და საბაზო საგანმანათლებლო მასალა. სკოლამდელი დაწესებულებების მდგომარეობასა და პერსპექტივებზე Unicef-ის წარმომადგენლები დღეს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ბაგა–ბაღების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ.





