ახალი ამბები

კონტროლის პალატაში მოქალაქეები ისევ დაიბარეს

25 აპრილი, 2012 •
კონტროლის პალატაში მოქალაქეები ისევ დაიბარეს

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ამჯერად იმ მოქალაქეებს იბარებს დასაკითხად, რომლებმაც ფულადი შემოწირულობები პარტია “განახლებული საქართველოსთვის” სასარგებლოდ განახორციელეს.

“ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ მოქალაქეების მოწვევის საფუძველი არის ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პირებს რაიმე სახის შემოსავალი და ქონება არ გააჩნიათ და არსებობს დასაბუთებული კითხვები მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობების კანონიერებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კონტროლის პალატის შესაბამისი სამსახური ავრცელებს.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებთან გასაუბრება განხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად კონტროლის პალატა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული, ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ.

“აღნიშნულ პირებთან გასაუბრება მოხდება მოწმის სტატუსით და, შესაბამისად, ისარგებლებენ  კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, რაც დამატებითაც განემარტებათ”, – აცხადებენ კონტროლის პალატაში. 

ამავე უწყების ცნობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში დაინერგა სიახლე – გასაუბრების დაწყებამდე კონტროლის პალატაში მოწვეულ მოქალაქეებს მოემსახურებიან კონსულტანტები, რომლებიც მიაწვდიან ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მათი მოწვევის მიზეზებსა და საფუძვლებთან დაკავშირებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში,  გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას და მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის მარტში კონტროლის პალატამ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული მოქალაქეების მასობრივი დაკითხვები განახორციელა საქართველოს რეგიონებში, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან.

პარტია “განახლებული საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა გასული წლის 3 ნოემბერს გაიმართა თბილისში. პარტიის თავმჯდომარეა ნანა გულუა – რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის და კრასნოდარის მხარის გუბერნატორობის ყოფილი კანდიდატის – მინდია გულუას და.

პარტია “განახლებული საქართველოსთვის” 12 მაისს თბილისში საქართველოს მასშტაბით დევნილთა მანიფესტაციის გამართვას გეგმავს. ამის თაობაზე მინდია გულუამ გუშინ ისაუბრა “ივერონის” პრეს-კლუბში ვიდეოკონფერენციის დროს.

“აქციაში, რომელშიც, ჩემი გათვლით, 50 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, წარმოდგენილი იქნებიან დევნილები აფხაზეთიდან, ოსეთიდან, ასევე იქნებიან წარმოდეგენილი სტუდენტები. მე პირადად გამოვალ ინიციატივით, რომ დაფუძნდეს დევნილთა ფონდი, რომელიც დევნილებს დაეხმარება და ამ ფონდში მინდია გულუა, როგორც ერთი პიროვნება, მილიონ დოლარს გადავრიცხავ. მანიფესტაცია თბილისთან ერთად გაიმართება: მარტვილში, წალენჯიხაში, ხობში, სენაკში, ზუგდიდში, მცხეთასა და აჭარაში. მართალია, მანიფესტაციის გამართვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ჩვენ გვყავს გვერდით ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარებიან”, – განაცხადა მინდია გულუამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი