ახალი ამბები

“100 გრადუსი ცელსიუსის” წინააღმდეგ

24 აპრილი, 2012 •
“100 გრადუსი ცელსიუსის” წინააღმდეგ

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “1000C”-ის 20 აპრილის გამოშვებამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რამდენიმე ახალგაზრდას, როგორც თავად ამბობენ, გადაცემის შემდეგ პრობლემები შეექმნა. ისინი ნოდარ მელაძეს [გადაცემის წამყვანს] ცრუ ფაქტების გავრცელებაში ადანაშაულებენ და დღეს ტელეკომპანია “იმედთან” აქციის გამართვას გეგმავენ.

გადაცემაში მოწვეულ ახალგაზრდებს ნოდარ მელაძე და გადაცემის სტუმრები “სატანისტებად” მოიხსენიებდნენ. ასევე ნაჩვენები იყო ფოტოები, რომელთა გამოყენებაზეც, ფოტოზე გამოსახული ადამიანების თქმით, ნებართვა არავის აუღია.

მთვარისა ქაჯაია ფოტოზე გამოსახული ერთ–ერთი ახალგაზრდის დედაა. მისი თქმით, ფოტოს გადაღების მომენტში ის შვილთან ერთად იმყოფებოდა, გადაცემაში ფოტო დაამუშავეს და ისე აჩვენეს, ხოლო მისი შვილი “სატანისტად” წარმოაჩინეს.

მთვარისა ქაჯაია ამბობს, რომ გადაცემის შემდეგ მის შვილს პრობლემები შეექმნა. მისი თქმით, გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს ლესელიძის ქუჩაზე, ერთ–ერთ შესახვევთან, მის შვილს დაწვით ემუქრებოდნენ:

“წარმოიდგინეთ, გადაცემის მეორე დღეს საწვავით სავსე ბოთლით დაადგნენ თავზე და ”ქრისტეს სახელით” დაწვას უპირებდნენ. იმ ადამიანებთან ადრე მქონდა შეხება და ვიცი, რომ უპატიოსნესი მართლმადიდებელი ხალხია. გადავრჩი იმიტომ, რომ მიცნობენ. იქ რომ არ შევხვედროდი? მაშინ ხომ მარტო მე კი არ გავუბედურდებოდი, არამედ ის ხალხიც. ეს გადაცემა შეგნებულად იყო გამზადებული მართლმადიდებელი ხალხის “გასაგიჟებლად”, – აცხადებს მთვარისა ქაჯაია.

გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ფოტოზე იყო გამოსახული, როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ნიკა მელაძე აცხადებს, პრობლემები სხვა ახალგაზრდებსაც შეექმნათ:

“გადაცემაში ფოტოები საავტორო უფლებების დარღვევით აჩვენეს. ამის შემდეგ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციას არა მხოლოდ ისინი, არამედ ყველა ის ახალგაზრდა განიცდის, ვისაც განსხვავებულად აცვია. ერთ–ერთ გოგონას, რომელსაც განსხვავებული სტილის ტანსაცმელი ეცვა და პირსინგი ჰქონდა, იპოდრომზე ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ”, – ამბობს ნიკა მელაძე.

დღევანდელი აქციის მონაწილეები ტელეკომპანია “იმედს” მაუწყებლობის შესახებ კანონის #52-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვითაც, “საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე, საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.”

“ისინი ატყავებენ კატებს, კლავენ ფრინველებს და ამბობენ, რომ ამაში უცნაური არაფერია. პირველად ყველაზე ცხელ თოქ–შოუში მსხვერპლშეწირვის მოყვარული ქართველი თინეიჯერები, ის, რაც სხვაგან ჯერ არ გინახავთ”, – ამ ტექსტით გადაცემის ანონსი დაახლოებით ერთი კვირა ტრიალებდა “იმედის” ეთერში. ანონსს გადაცემის მონაწილეებიც დებდნენ, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გადაცემა დამონტაჟების შემდეგ სრულიად სხვანაირი გამოვიდა.

როგორც გადაცემის ერთ–ერთი სტუმარი, სოფო კენჭიაშვილი აცხადებს, ჩაწერის მომენტში სტუმრებისთვის ის ვიდეო არ უჩვენებიათ, რაც შემდეგ ეთერში გავიდა:

“გადაცემის ჩაწერისას გვაჩვენეს სრულიად სხვა ვიდეო, რომელიც, თუ არ ვცდები, გადაცემა “სპეციალურ რეპორტაჟში” გავიდა ადრე. ის ვიდეო, რომელიც შემდეგ ეთერში გავიდა და ფოტოებით იყო აწყობილი, საერთოდ არ გვინახავს. ანუ ჩვენ ვაკეთებდით კომენტარებს სხვა ვიდეოზე, შემდეგ ეს კომენტარები დაჭრეს და კონტექსტის გარეშე გამოიყენეს”, – ამბობს სოფო კენჭიაშვილი. მისივე თქმით, გადაცემიდან ამოიჭრა ფსიქოლოგის კომენტარებიც, რომელიც აცხადებდა, რომ მსგავსი გადაცემები ამ ბავშვებზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს.

პროტესტის გამოსახატად აქციის მონაწილენი დღეს, 17:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზთან იკრიბებიან, შემდეგ კი ტელეკომპანია “იმედთან” გადაინაცვლებენ. მთვარისა ქაჯაიას განცხადებით, 17:00 საათზე ადამიანების ნაწილი გადაცემას საპატრიარქოს წინაც გააპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი