არმენოფობური განცხადებები პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლას მოჰყვა.
ბაღათურიამ გამოსვლის დროს უმრავლესობა პიარაქციებში დაადანაშაულა.
“გუშინ აქ იყვნენ ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეები, სომხები, რომელთაც საქართველოს პარლამენტისგან სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვეს. მე ხომ გეუბნებოდით, როდესაც ერთდღიანი პიარაქცია, სამასხარაო პიარაქცია გინდოდათ დაგედგათ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, გეუბნებოდით, არ გააკეთოთ ეს. იმიტომ, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სომხები მოვლენ და სათქმელი აღარ გვექნება არაფერი. ესენი ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაეეები არიან. ამიტომ ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ ყველას გეკისრებათ,”- განაცხადა ბაღათურიამ.
განცხადების შემდეგ მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ბაღათურიას პროვოკატორი უწოდა.
” შე კაცო, მოვალ და მოგხედავ,“ – მიმართა სულეიმანოვს ბაღათურიამ.
მაშინვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ტრიბუნასთან მდგარ ჯონდი ბაღათურიასკენ გაემართა. მან ბაღათურიას წამლის ფლაკონი ესროლა, რასაც ბაღათურიას საპასუხო ქმედება მოჰყვა.
ბაღათურიაზე აზერ სულეიმანოვმა და უმრავლესობის სხვა წევრებმაც გაიწიეს. სხდომა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შეხლა –შემოხლაში გადაიზარდა.
ცოტა ხანში მიკროფონთან აზერ სულეიმანოვი მივიდა.
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებს ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელების უფლება არ მისცა და ვითარების განმუხტვას შეეცადა.
„ჩვენს ქვეყანაში მყარად დაფუძნდა საქართველოს მოქალაქის ცნება, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა, ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ერთი და იმავე უფლებებისა და ღირებულებების მატარებელი ხალხი, და ყველაზე დიდი მტრობა საქართველოში, ეს არის საქართველოს გაყოფა ეთნიკური წარმომავლობით ან ეთნიკური ნიშნით და მცდელობა, დააპირისპიროს საქართველო რომელიმე მეზობელთან. ამიტომ მე ყველა კოლეგას მოვუწოდებ, საკუთარ გამოსვლაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ითამაშებს იმას, რაც საქართველოსთვის ყველაზე საზიანოა, ნუ დაყოფს ჩვენს მოქალაქეებს და საქართველოს მეზობლებს ნუ დაუპირისპირებს.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.