2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები, გასული წლის მსგავსად, CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. არ იცვლება კომპეტენციის ზღვარი – 5.5.
თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს გაიმართება.
“ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად”, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდზე.
მთელი წლის განმავლობაში საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდებოდა, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებდნენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.
მინისტრის განცხადებით, 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება.