ახალი ამბები

ჩხრეკა ზურაბ წერეთლის ტიპოგრაფიაში

24 აპრილი, 2012 •
ჩხრეკა ზურაბ წერეთლის ტიპოგრაფიაში

რუსეთში, ზურაბ წერეთლის სახელოსნოში ჩხრეკა ჩატარდა, მათ ტიპოგრაფიაში დაბეჭდილი ფოტოალბომის – “პარტიის გოგონების” გამო, რომელიც რუსეთში აკრძალული “ნაციონალ-ბოლშევიკური პარტიის” აქტივისტებს ეძღვნება.

ფოტოალბომის ავტორის, სერგეი ბელიაკის თქმით, სამართალდამცავებმა ტიპოგრაფიიდან დოკუმენტები ამოიღეს.

ინფორმაციას რუსეთის მედია პარტია “დრუგაია როსიაზე” დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნული პარტიის ცნობით, ფოტოალბომის გამოცემის გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული “ექსტრემიზმის” მუხლით.

როგორც ირკვევა, ტიპოგრაფიაში შესვლამდე წერეთლის სახელოსნოში რამდენიმე შემოწმება განხორციელდა, როდესაც სამართალდამცავებმა მთელ ალბომს გადაუღეს ფოტოები. ალბომის ავტორის თქმით, ტიპოგრაფიაში ამ ჩხრეკას Pussy Riot-ის საქმეს უკავშირებენ. რუსეთის ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართული პერფორმანის გამო არიან დაკავებული და მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფოტოალბომში– “პარტიის გოგონები” თავმოყრილია “ნაციონალ-ბოლშევიკების” წარმომადგენლების მხატვრული პორტრეტები, რომლებიც მონაწილეობდნენ “პირდაპირი ქმედებების აქციებში” [პოლიტიკური მოთხოვნებით ადმინისტრაციული დაწესებულებების “აღება”]. ფოტოალბომი გამოიცა 2011 წლის შემოდგომაზე.

“ნაცბოლების” პარტია რუსეთში 1993 წელს დაფუძნდა. 2007 წლიდან კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია, თუმცა 2010 წლის ივლისიდან მისი ყოფილი დამფუძნებლების დიდი ნაწილი ახალ გაერთიანება “დრუგაია როსიაში” გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი